უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი დაამტკიცა. ამის შესახებ უკრაინული გამოცემა UNIAN ქვეყნის პრემიერ-მინისტრ დენის შმიჰალის მიერ 13 სექტემბრის საღამოს Telegram-არხში გამოქვეყნებულ პოსტზე დაყრდნობით წერს. მან აღნიშნა, რომ „ყველა გამოწვევისა და გაურკვევლობის მიუხედავად, ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებების პირობებში მთავრობა უკვე მესამე ბიუჯეტს დროულად ადგენს“.
„ველით 2 ტრლნ გრივნას შემოსავლებს. საბიუჯეტო ხარჯები კი 3.6 ტრლნ გრივნის მაჩვენებელზეა დაგეგმილი“ - აღნიშნა მან.
მთავრობის მეთაურმა ისიც დაწერა, რომ 2025 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტი მკაფიოა - ქვეყნის თავდაცვა და უსაფრთხოება. „ყველა შიდა რესურსი კვლავ ამ მიზნებზე იქნება მიმართული“, - აღნიშნა დენის შმიჰალმა.
მისივე ინფორმაციით, თავდაცვაზე გაწეული ხარჯი 2.22 ტრლნ გრივნამდე გაიზრდება: „უფრო მეტი ფული გვექნება უკრაინული იარაღისთვის, ტექნიკისა და დრონებისთვის“.
მეორე პრიორიტეტი უკრაინის პრემიერ-მინისტრის ცნობით, სახელმწიფო ბიუჯეტის დაცული მუხლების დაფინანსება იქნება. „400 მლრდ გრივნაზე მეტი გამოიყოფა სოციალურ დაცვაზე. პენსიები იქნება ინდექსირებული, სუბსიდიები კი გაიცემა ყველაზე, ვისაც ამის საჭიროება აქვს. ჯანდაცვაზე 211 მლრდ გრივნა მიიმართება, განათლებაზე კი 170 მლრდ გრივნა“, - წერს შმიჰალი.
მესამე პრიორიტეტი ბიუჯეტში ბიზნესისა და რეგიონების მხარდაჭერა იქნება: „გავაგრძელებთ ადგილობრივი ბიუჯეტების დახმარებას დოტაციის და სუბვენციის გზით. გათვალისწინებულია რესურსი შეღავათიანი დაკრედიტების და მეწარმეთა გრანტებისთვის.
უკრაინის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, აღნიშნული ბიუჯეტის ინოვაცია საჯარო საინვესტიციო პროექტების მართვის ახალი მოდელის რეალიზაცია იქნება, რაც კაპიტალურ დანახარჯებს უფრო გამჭვირვალეს და ეფექტიანს გახდის: „კერძოდ კი პრიორიტეტი იქნება აღდგენა, ენერგეტიკული პროექტები და ვეტერანების ახალი პოლიტიკის განხორციელება“.
დენის შმიჰალი წერს, რომ ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტი 2025 წელს მიმართულია იმაზე, რომ უკრაინამ გაუძლოს და გაიმარჯვოს.