უკრაინის მოკავშირეები დიდი ოცეულის სამიტზე რუსეთის ომის დასასრულებლად აშშ-ის სამშვიდობო გეგმის "გაძლიერებას" შეეცდებიან - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა ისაუბრა.
დიდი ოცეულის სამიტი სამხრეთ აფრიკაში 22-23 ნოემბერს ტარდება. სამიტს წინ უსწრებდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება, რომლის თანახმადაც "ქვეყანა ისტორიაში ყველაზე რთული მომენტის წინაშე დგას". ზელენსკიმ ისაუბრა წნეხზე, რომლის წინაშეც უკრაინა დგას, მოსკოვისთვის უფრო ხელსაყრელი სამშვიდობო გეგმის მისაღებად.
სტარმერის თქმით, პარასკევს ზელენსკი საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებს ესაუბრა. მისი განცხადებით, "უკრაინის მეგობრები და პარტნიორები ხანგრძლივი მშვიდობის მიზნის ერთგულები რჩებიან".
დიდი ოცეულის სამიტს არ ესწრებიან აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი.
პარასკევს უკრაინულმა მედიამ გაასაჯაროვა დოკუმენტი, რომელიც ასახავს დონალდ ტრამპის მიერ დამტკიცებულ 28-პუნქტიან სამშვიდობო გეგმას. გადაწყვეტილების მისაღებად ტრამპი ზელენსკის დროს 27 ნოემბრამდე აძლევს.
ტრამპის გეგმის ერთ-ერთი პუნქტის თანახმად, ამერიკის შეერთებული შტატები ყირიმს, ლუგანსკისა და დონეცკის რეგიონებს დე ფაქტო რუსეთის ტერიტორიად აღიარებს.




























