უკრაინის უმაღლესმა რადამ აშშ-თან იშვიათი ლითონების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა. შეთანხმებას, რომელიც იშვიათი ლითონების მოპოვებასა და ენერგეტიკულ სექტორში თანამშრომლობასაც მოიცავს, 1 მაისს ვაშინგტონში მოაწერეს ხელი უკრაინის ეკონომიკის მინისტრმა, იულია სვირიდენკომ და აშშ-ის ხაზინის მდივანმა, სკოტ ბესენტმა. დღეს კი მისი რატიფიცირება მოხდა.
დოკუმენტის თანახმად, აშშ განავითარებს და ისარგებლებს უკრაინის მინერალური სიმდიდრით, რომელიც მოიცავს თანამედროვე ტექნოლოგიების წარმოებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ელემენტებს. სანაცვლოდ, ამერიკული მხარე წვლილს შეიტანს რეკონსტრუქციის ფონდში, რომელიც ქვეყანას რუსეთის სამწლიანი სრულმასშტაბიანი აგრესიის შემდეგ აღდგენაში დაეხმარება. ფონდი ორივე მხარის მიერ თანაბრად შეივსება, მათ შორის, სამთო მოპოვებისა და ენერგეტიკული მოგებიდან.
უკრაინის ეკონომიკის მინისტრის, იულია სვირიდენკოს განცხადებით, შეთანხმება უკრაინაში გლობალური ინვესტიციების მოზიდვას ისახავს მიზნად. თავის მხრივ, სკოტ ბესენტის თქმით, ფონდის შექმნა „მიანიშნებს რუსეთს, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ერთგულია სამშვიდობო პროცესისა, რომელიც ორიენტირებულია თავისუფალ, სუვერენულ და აყვავებულ უკრაინაზე გრძელვადიან პერსპექტივაში“. ბესენტმა ასევე აღნიშნა, რომ ეს არის „ეკონომიკური პარტნიორობა“ და არა „სესხი საკუთრების სანაცვლოდ“, სადაც აქტივები და კაპიტალი 50/50 პრინციპით განაწილდება.




























