უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრი სიბიჰამ განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე ომის დასრულებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება, თუ პრეზიდენტები ზელენსკი და პუტინი ერთმანეთს პირისპირ შეხვდებიან.
“მჯერა, რომ პრეზიდენტ ზელენსკისა და პრეზიდენტ პუტინის შეხვედრა ომის საბოლოო კონტურებს გამოკვეთს და შესაძლებელს გახდის ყველაზე მტკივნეული საკითხების ჩახურვას” - უთხრა ქვეყნის პირველმა დიპლომატმა ადგილობრივ მედიას.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა მიმდინარე მოლაპარაკებებში 20-პუნქტიანი გეგმის არსებობასა და პრეზიდენტ ტრამპის როლზეც ისაუბრა და თქვა, რომ სწორედ შტატების ლიდერია ერთადერთი ადამიანი, რომელსაც აქვს ზეგავლენის საკმარისი რესურსი, რათა რუსეთი სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებაზე დაითანხმოს.
“ვფიქრობ, სწორედ ჩვენსა და ამერიკულ მხარეს შორის შეთანხმებული 20-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა გახდა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გამართული სამმხრივი შედეგების გამომწვევი, თუმცა ახლა გამოწვევა ის არის, რომ ვერ ხერხდება შეთანხმება ტერიტორიულ და უსაფრთხოების საკითხებზე” - განაცხადა სიბიჰამ.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა მედიას ისიც უთხრა, რომ ამჟამად არსებული მომენტუმის ხელიდან გაშვება არ შეიძლება, რადგან წლის მეორე ნახევარში პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაცია მთელ ყურადღებას შტატებში დაგეგმილ შუალედურ არჩევნებზე გადაიტანს და ეს დიპლომატიურ პროცესებს მნიშვნელოვნად დააზიანებს.
შეგახსენებთ, 2026 წლის იანვრიდან დღემდე, ამერიკის შეერთებული შტატების შუამავლობით უკვე მეორედ გაიმართა სამმხრივი შეხვედრები, რომელთა მიზანიც ომის საბოლოოდ დასრულებაა. ამერიკულმა მხარემ ბოლო შეხვედრაზე მკაცრი “დედლაინიც” დააწესა. როგორც ირკვევა, ტრამპის ადმინისტრაცია მოლაპარაკებების ივნისის თვემდე დასრულებას მოითხოვს. ასევე, სურს, რომ კონფლიქტის მოგვარების პირველადი დოკუმენტი მარტის თვისთვის მომზადდეს, უკრაინაში კი მის მიღებაზე რეფერენდუმი, ასევე საპრეზიდენტო არჩევნები მაისის თვეში გაიმართოს. არსებული ინფორმაციით, ომის დასრულებისთვის უკრაინას ამერიკის შეერთებული შტატებისაგან კონგრესის მიერ რატიფიცირებული უსაფრთხოების გარანტიები სურს, რაც NATO-ს მე-5 მუხლის მსგავსად იმოქმედებს ომში მყოფ ქვეყანაზე და მას მომავალი საფრთხეებისაგან მრავალი წლის განმავლობაში დაიცავს. ამასთან ოფიციალური კიევი კატეგორიულად ეწინააღმდეგება აშშ-სა და რუსეთს შორის ისეთი შეთანხმების გაფორმებას, რომლის მიხედვითაც შტატები ამჟამად ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ნაწილად აღიარებს. თავის მხრივ, კრემლში ომის დასრულების მთავარ წინაპირობად დონბასის რეგიონის უკრაინული არმიისაგან სრულად დაცლაა. რუსეთის ხელისუფლებას სურს, რომ ბრძოლების გარეშე მიიღოს დონეცკისა და ლუჰანსკის ის ნაწილებიც, რომლებსაც ამჟამად უკრაინა აკონტროლებს. ამ მოთხოვნაზე დათანხმებას ოფიციალური კიევი კატეგორიულად გამორიცხავს.




























