დღეს მსოფლიოს ყურადღება თეთრი სახლისკენ არის მიმართული. ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპს შორის წლის განმავლობაში რიგით მესამე შეხვედრა იმართება.
საქმიანი ვახშმის დაწყებამდე ორი ქვეყნის ლიდერებმა მედიასთან კომენტარი გააკეთეს და შემდგომ მათ კითხვებსაც უპასუხეს.
დონალდ ტრამპმა საუბარი უკრაინის ლიდერის შექებით დაიწყო და მის სიძლიერეზე ისაუბრა. "მან ძალიან ბევრს გაუძლო, ბევრი გამოიარა და მე მესმის მისი. ისე კი, ჩვენც ბევრი გამოვიარეთ და ბევრს გავუძელით უკრაინასთან ერთად." - აღნიშნა ტრამპმა.
ამერიკის პრეზიდენტმა გამოთქვა იმედი, რომ თეთრ სახლში მიმდინარე შეხვედრაზე ომის დასრულების რეალურ კონტურებს დაინახავს და თავის ანგარიშზე რიგით მე-9 კონფლიქტის დასრულებას მიიწერს, თუმცა აღნიშნა, რომ ეს მარტივი არ იქნება, რადგან ორი ქვეყნის ლიდერები ერთმანეთის მიმართ საკმაოდ ნეგატიურად არიან განწყობილი.
ამ საკითხზე საუბრის შემდეგ ტრამპმა სიტყვა ზელენსკის მისცა და მისი მოლოდინების შესახებ საუბარი სთხოვა. უკრაინის პრეზიდენტმა საუბარი ჰამას-ისრაელს შორის ომის დასრულებაში ტრამპის წვლილზე საუბრით დაიწყო და პრეზიდენტს მე-8 კონფლიქტის მოგვარება მიულოცა.
"ახლო აღმოსავლეთში არსებული უმძიმესი ვითარება თქვენ გამოასწორეთ. უპირველეს ყოვლისა, სწორედ თქვენი დამსახურებაა, რომ იქ ომი დასრულდა." - უთხრა ზელენსკიმ ტრამპს, რის შემდეგაც გამოთქვა იმედი, რომ ომის დასრულებას ამჯერად ტრამპი რუსეთსა და უკრაინას შორისაც შეძლებს.
მნიშვნელოვანი იყო ზელენსკის მიერ ამერიკული ენერგო და სამხედრო კომპანიების ხსენება. უკრაინის პრეზიდენტმა არ დააკონკრეტა, რასთან დაკავშირებით შედგა სატელეფონო კომუნიკაცია, თუმცა არსებობს მოლოდინი, რომ უკრაინა ამერიკის მხარდაჭერის მოპოვებისა და უსაფრთხოების გარანტიის მიღების ერთ-ერთ გზად ენერგო და სამხედრო კომპანიებთან ორმხრივი თანამშრომლობის შესაძლებლობას განიხილავდეს.
ვიდრე მხარეები ჟურნალისტების კითხვებს მოისმენდნენ, ტრამპმა ზელენსკის ჩაცმულობაზეც თქვა რამდენიმე სიტყვა. "დღეს ძალიან კარგად გამოიყურებით. ნამდვილად გიხდებათ ეს სამოსი და ელეგანტურს გაჩენთ." - უთხრა ამერიკის პრეზიდენტმა უკრაინელ კოლეგას.
შემდეგ დაიწყო ჟურნალისტების მიერ კითხვების დასმის პროცესი. უპირველეს ყოვლისა, საკითხი Tomahawk-ების უკრაინისთვის გადაცემას შეეხო. ჟურნალისტის კითხვაზე, გადასცემდა თუ არა ამერიკა ომში მყოფ მოკავშირეს იარაღს, ტრამპმა უპასუხა:
"ჩვენ ამას განვიხილავთ. სწორედ ამისთვის ვართ დღეს აქ შეკრებილები, თუმცა ვფიქრობ, რომ საკითხი Tomahawk-ების გადაცემამდე არ უნდა მივიდეს, რადგან ჩემი მიზანი ომის დასრულებაა. არ დაგავიწყდეთ, რომ ის ჩვენც გვჭირდება" - თქვა ამერიკის პრეზიდენტმა.
შემდგომ იგივე კითხვით ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართეს, რომელმაც შესაძლო გარიგების დეტალებზე ისაუბრა და ახსენა უკრაინული დრონების სანაცვლოდ შორ რადიუსზე მოქმედი რაკეტების გადაცემა.
"ამერიკა მსოფლიოში უძლიერესი სახელმწიფოა, თუმცა ერთადერთი, რაც მას ახლა აკლია, დრონებია. ჩვენ ომში გამოცდილი, საუკეთესო დრონები გვაქვს და, ვფიქრობ, მათი Tomahawk-ებზე გაცვლა გონივრული იქნება. ამერიკა მიიღებს დრონებს, ჩვენ კი იმ იარაღს, რომელიც ძალიან გვჭირდება." - თქვა ზელენსკიმ.
ამ ინფორმაციის გაგების ფონზე, ჟურნალისტები ისევ ტრამპს მიუბრუნდნენ და ჰკითხეს, თავად რას ფიქრობდა ამ ინიციატივაზე. ტრამპმა თქვა:
"დრონებს ჩვენც ვქმნით, თუმცა ზედმეტი ნამდვილად არ იქნება. ჯერ დანამდვილებით ვერ გეტყვით, მივიღებთ თუ არა ამ წინადადებას. სწორედ ამის გასარკვევად ვართ ახლა შეკრებილები. თუმცა, უმჯობესია, ეს საერთოდ არ დაგვჭირდეს და ომი Tomahawk-ების გადაცემის გარეშე დავასრულოთ.
შემდგომ, მედიის წარმომადგენლებმა ყურადღება უნგრეთში დაგეგმილ პუტინ-ტრამპის შეხვედრაზე გადაიტანეს და ამერიკის პრეზიდენტს ჰკითხეს, განიხილავდა თუ არა სამიტზე ზელენსკის დასწრებას. ტრამპმა განაცხადა, რომ ის არაფერს გამორიცხავს, თუმცა "ორმაგ შეხვედრებს" გამართავს.
ჯერჯერობით, უცნობია, რა იგულისხმება "ორმაგ შეხვედრაში". ანუ, განიხილება ტრამპი-პუტინი, ტრამპი-ზელენსკის შეხვედრები, თუ პროცესს უკრაინის პრეზიდენტი დედაქალაქიდან დააკვირდება და მასთან კომუნიკაცია დისტანციურად შედგება.
ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ზელენსკის ჰკითხა:
"ისრაელ-ჰამასს შორის ომის დასრულება ტრამპმა იმიტომ შეძლო, რომ პოზიციის შერბილებისა თუ დათმობისთვის ორივე მხარე იყო მზად. თქვენ რისთვის ხართ მზად, შეიძლება NATO-ზე თქვათ უარი?
ამ კითხვას ზელენსკიმ პირდაპირ არ უპასუხა და თქვა, რომ რეალურად უკრაინის პრიორიტეტი ცეცხლის შეწყვეტა და ძლიერი გარანტიების მიღებაა. უკრაინის ლიდერმა აღნიშნა, რომ NATO ქვეყნისთვის უსაფრთხოების ყველაზე დიდი გარანტი იქნებოდა, თუმცა ამ ეტაპზე მისი პრიორიტეტი თავად ამერიკისაგან გარანტიების მიღებაა.
ორი ქვეყნის ლიდერს შორის შეხვედრა დახურულ კარს მიღმა, სამუშაო ვახშმის პარალელურად გრძელდება. უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ მხარეები, თუმცა




























