ქართული სწრაფი კვების ქსელმა Burger Lions-მა ვარკეთილში ახალი ფილიალი გახსნა, რომელიც თბილისში რიგით მეოთხეა. როგორც კომპანიის დამფუძნებელმა და მმართველმა პარტნიორმა ნიკა სამადაშვილმა BM.GE-სთან განაცხადა, ეს ბრენდისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტია, რომლის განხორციელებაშიც დაახლოებით 500 ათასი ლარის ინვესტიცია ჩაიდო.
მისი თქმით, ინვესტიცია თანამედროვე ტექნოლოგიური აღჭურვილობის, საწარმოო პროცესების გაუმჯობესებისა და მომხმარებლებისთვის კომფორტული სივრცის შექმნას მოხმარდა.
„ჩვენთვის ახალი ფილიალის გახსნა მხოლოდ გაფართოება არ არის. თითოეული ახალი ობიექტი უნდა იყოს წინაზე უკეთესი, ამიტომ ამ ინვესტიციას გრძელვადიან ინვესტიციად ვუყურებთ ხარისხში, მომხმარებლის ნდობასა და Burger Lions-ის მომავალ განვითარებაში“, - ამბობს სამადაშვილი.
მისივე განმარტებით, ვარკეთილის ტერიტორია ბაზრისა და მოთხოვნის დეტალური ანალიზის შემდეგ შეირჩა. კომპანიის შეფასებით, ეს თბილისის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი რაიონია, სადაც ხარისხიან პროდუქტზე მზარდი მოთხოვნაა.
„გვჯერა, რომ ძლიერი ბრენდი თავად ქმნის გარემოს და ახალ სტანდარტს. გვინდა, თბილისის ნებისმიერ უბანში მცხოვრებ ადამიანს საკუთარ სახლთან ახლოს ჰქონდეს მაღალი ხარისხის პროდუქტისა და მომსახურების მიღების შესაძლებლობა“, - აღნიშნავს კომპანიის დამფუძნებელი.
ვარკეთილში გახსნილი ობიექტი 350 კვადრატულ მეტრზეა განთავსებული და Burger Lions-ის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და თანამედროვე ფილიალია. მისი ამოქმედებით კომპანიამ 17 ახალი სამუშაო ადგილი შექმნა, ხოლო მთლიანობაში ქსელში უკვე დაახლოებით 80 ადამიანია დასაქმებული.
კომპანიის ინფორმაციით, Burger Lions დღეს პროდუქციის მნიშვნელოვან ნაწილს საკუთარ საწარმოში აწარმოებს, სადაც მზადდება პური, ხორცპროდუქტები და სოუსები. ნიკა სამადაშვილის თქმით, ახალი ფილიალის გახსნის შემდეგ საწარმოო დატვირთვაც მნიშვნელოვნად გაიზარდა.
„ფილიალი სულ რამდენიმე დღის გახსნილია, ამიტომ ზუსტ მაჩვენებლებზე საუბარი ჯერ ნაადრევია, თუმცა უკვე ვხედავთ, რომ მოთხოვნა მაღალია და წარმოების დატვირთვაც საგრძნობლად გაიზარდა“, - განაცხადა მან.
რაც შეეხება კომპანიის საერთაშორისო გეგმებს, ნიკა სამადაშვილის განცხადებით, Burger Lions-ისთვის აქტიურ ეტაპზეა დანიის ბაზარზე შესვლის პროექტი. „დანიის პროექტზე აქტიურად ვმუშაობთ. ეს იქნება Burger Lions-ისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რადგან ჩვენი მიზანი მხოლოდ საზღვარგარეთ გასვლა არ არის - გვინდა შევქმნათ ქართული ბრენდი, რომელიც საერთაშორისო ბაზარზე ღირსეულ კონკურენციას გაუწევს სხვა კომპანიებს. არ ვჩქარობთ და გვინდა, ყველაფერი იმ სტანდარტით გავაკეთოთ, როგორსაც Burger Lions-ისგან ელიან. ევროპაში შესვლა იქნება არა უბრალოდ კიდევ ერთი ფილიალის გახსნა, არამედ ქართული ბიზნესის ღირსეული წარმომადგენლობა“, - განაცხადა ნიკა სამადაშვილმა




























