უმაღლეს განათლებაში შემოდის ახალი, წამყვანი პროფესორის პოზიცია, რომელიც დამატებითი პოზიციაა და არ ჩაანაცვლებს არცერთ მოქმედ აკადემიურ თანამდებობას. ამის შესახებ "ოცნების" განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ უმაღლესი განათლების ეროვნული კონცეფციისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების საკითხზე საუბრისას განაცხადა.
მისი განმარტებით, მოქმედი აკადემიური პოზიციები სრულად შენარჩუნებული იქნება, ხოლო წამყვანი პროფესორის პოზიცია დამატებით შეიქმნება.
გივი მიქანაძის თქმით, წამყვანი პროფესორები შემდგომი თვეების განმავლობაში კონკრეტული კრიტერიუმების დაცვით, ღია და საჯარო კონკურსის საფუძველზე შეირჩევიან და მათ დაევალებათ კონკრეტული მიმართულებების ხელმძღვანელ-პროფესორების შერჩევა.
მისივე განცხადებით, დაგეგმილია ადამიანური რესურსების მაქსიმალურად ეფექტიანი განაწილება, რათა აკადემიური პერსონალის არცერთი წარმომადგენელი არ დარჩეს უნივერსიტეტს მიღმა.
„ჩვენ დაგეგმილი გვაქვს, რომ პროცესები, რომლებიც კანონში შესაბამისი ცვლილებების შეტანის შემდეგ წარიმართება, უზრუნველყოფდეს ყველა პროგრამის დეტალურ შესწავლას. იქ, სადაც ორ უნივერსიტეტს შორის მსგავსი პროგრამები არსებობს, მოხდება მათი დადარება და ერთიან კომპონენტად შეჯერება. ადამიანური რესურსები მაქსიმალურად გადანაწილდება ისე, რომ არცერთი აკადემიური პერსონალის წარმომადგენელი არ დარჩეს უნივერსიტეტს მიღმა და გააგრძელონ საქმიანობა როგორც საგანმანათლებლო, ასევე სამეცნიერო-კვლევით მიმართულებებზე“, – განაცხადა მიქანაძემ.
მისივე თქმით, აკადემიური პერსონალის ნაწილი ასევე გადანაწილდება ადმინისტრაციულ პოზიციებზე, რაც ხელს შეუწყობს თითოეული სპეციალისტის შენარჩუნებას.
„ჩვენთვის ღირებულია თითოეული ადამიანი, მათი ცოდნა, გამოცდილება და ის დამსახურება, რომელიც თითოეულ უნივერსიტეტს აქვს“, – აღნიშნა გივი მიქანაძემ.
რაც შეეხება რეორგანიზაციის პროცესს, მინისტრის განცხადებით, მას შემდეგ, რაც კანონში შესაბამისი ცვლილებები შევა და რეორგანიზაციის შესაძლებლობა კანონით დადგინდება, მინისტრის ბრძანებით შეიქმნება დროებითი მმართველი ორგანო – საბჭო.
მისი თქმით, საბჭოში პარიტეტის პრინციპით, თანაბარი უფლებამოსილებით იქნებიან წარმოდგენილი როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ასევე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლები.
„სწორედ ეს საბჭო, უნივერსიტეტების ავტონომიურობის პრინციპის დაცვით, განახორციელებს რეორგანიზაციის პროცესს, რათა ხარისხის გაუმჯობესების და რეფორმის მიზნებიდან გამომდინარე, ორი უნივერსიტეტის გაერთიანება მოხდეს უმტკივნეულოდ და შემდგომი საქმიანობა ხარისხზე იყოს ორიენტირებული“, – განაცხადა განათლების მინისტრმა.




























