მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხული 65 ათასამდე უცხოელი სტუდენტი ელოდება ქვეყანაში შემოსვლას - დარახველიძე

უნივერსიტეტები

დღეის მდგომარეობით, საქართველოში უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხული 60 ათასამდე უცხოელი სტუდენტი ელოდება ქვეყანაში შემოსვლასა და სწავლის დაწყებას. ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილეს და მხარი დაუჭირეს.

დარახველიძემ დეპუტატებს უნივერსიტეტების სტატისტიკური მონაცემები გააცნო და აღნიშნა, რომ პროცესი ამჟამად უნივერსიტეტებისა და სტუდენტების გასაუბრებებზეა დამოკიდებული.

„უნივერსიტეტის და სტუდენტის გასაუბრებაზე დამოკიდებული ეს პროცესი, თორემ მომლოდინე დაახლოებით 60 ათასამდე სტუდენტი არის, ვისაც სურვილი აქვს, რომ ჩამოვიდეს და ისწავლოს [საქართველოში]. ახლა, დღეის მდგომარეობით ჩარიცხულს ვგულისხმობ. გვაქვს ჩვენი უნივერსიტეტების სტატისტიკა. 64 765 სტუდენტი არის, ანუ აქედან 55 000 აქვს ბინადრობა, მაგრამ დანარჩენებს აქვს სურვილი, რომ ჩამოვიდეს და ისწავლოს, ამიტომ აქ სერიოზული გადაწყვეტილებაა“, - განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ.

მომხსენებლის განმარტებით, საკანონმდებლო პაკეტის მიზანი მიგრაციული პროცესების ეფექტური მართვა და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერებაა.

ახალი რეგულაციებით, მნიშვნელოვნად მკაცრდება საქართველოში სტუდენტების შემოსვლისა და ბინადრობის წესები:

  • ენის სერტიფიკატი: უცხოელმა სტუდენტმა ქართულ უნივერსიტეტში ჩასარიცხად უნდა წარადგინოს მთავრობის მიერ განსაზღვრული ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი. გამოცდების ეროვნულ ცენტრს კი უფლებამოსილება ენიჭება, საჭიროების შემთხვევაში, თავად გაუწიოს ორგანიზება უცხო ენის გამოცდას.
  • აკადემიური მოსწრება: უცხოელმა სტუდენტმა ერთი სასწავლო წლის მანძილზე კანონმდებლობით გათვალისწინებული კრედიტების მინიმუმ მესამედი მაინც უნდა დააგროვოს.
  • სტატუსის შეჩერება: სტუდენტის სტატუსის 90 დღეზე მეტი ვადით შეჩერება მისი ბინადრობის უფლების გაუქმების საფუძველი გახდება. ამასთან, სტატუსის აღდგენა მხოლოდ უნივერსიტეტისთვის განსაზღვრული ლიმიტების ფარგლებში იქნება შესაძლებელი.
  • ქვეყნიდან ხანგრძლივი გასვლა: თუ სტუდენტი 183 დღეზე მეტ ხანს დატოვებს ქვეყანას საპატიო მიზეზის (გაცვლითი პროგრამა ან სამედიცინო საჭიროება) გარეშე, ის ბინადრობას დაკარგავს.

ამ პროცესების გასაკონტროლებლად, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ბაზაზე შეიქმნება ერთიანი საინფორმაციო სისტემა, სადაც თითოეული უცხოელი სტუდენტის ჩარიცხვის, სწავლისა და სტატუსის შეცვლის მონაცემები აისახება

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები