საქართველოში ინფლაციური მოლოდინები გაუარესდა. ეროვნული ბანკის ეკონომიკური საქმიანობის მონაწილეთა გამოკითხვის თანახმად, იანვარში დეკემბერთან შედარებით ერთწლიან პერიოდზე ინფლაციური მოლოდინები მომატებულია. გაზრდილია იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც მომდევნო 1 წლის მანძილზე ფასების ზრდას 6%-8%-ის ფარგლებში ფიქრობენ.
როგორც საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციაში აცხადებენ, ბოლო პერიოდში სხვადასხვა სამომხმარებლო პროდუქტებზე ფასების ზრდა უკვე დაფიქსირდა და ზრდის მოლოდინი სამომავლოდაცაა.
როგორც ასოციაციის პრეზიდენტმა BMG-ის განუცხადა, ამის მიზეზი ლარის მერყეობასთან ერთად ისეთი ფაქტორებია როგორიცაა სავაჭრო ქსელების მხრიდან კონტრაქტების განახლება და გადასახადების ზრდა, ასევე დიდ გაბარიტიანი მანქანების გადაადგილებაზე დაწესებული ახალი შეზღუდვა. ასოციაციაში ამბობენ, რომ აღნიშნული ფაქტორები ფასებში ჯერჯერობით სრულად არ ასახულა, ამიტომ პროდუქციის შემდგომი გაძვირება გარდაუვალია.
„უმრავლეს პროდუქციაზე ფასები უკვე გაზრდილია, ეს შეიძლება იყოს 5-15%-ის ფარგლებში, რიგ შემთხვევაში 20%-ითაც კი. აქ მხოლოდ ლარის კურსზე არაა საუბარი. ამაზე გავლენას ახდენს მათ შორის, ხელშეკრულებების განახლების პროცესი, რომელიც დღეს რითეილ სექტორთან მიმდინარეობს. როდესაც ნებისმიერ დამატებითი გადასახადს აწესებს საცალო ვაჭრობის ობიექტი, ეს შემდეგ ისახება იმ ფასში, რომელიც მომხმარებელს თაროზე ხვდება. სამომავლოდ, სამწუხაროდ, მოლოდინია, რომ კიდევ უფრო გაიზრდება [ფასები]. ქსელურ მარკეტებთან ხელშეკრულებების განახლება კვლავ მიმდინარეობს და ეს ჯერ სრულად არაა ასახული.
ასევე ფასებზე ნეგატიური გავლენა აქვს სადისტრიბუციო მანქანების გადაადგილებაზე შეზღუდვას. ეს გაზრდილი ნაწილი კიდევ უფრო აისახება ფასებზე მომავალ პერიოდში, როდესაც სადისტრიბუციო კომპანიების დატვირთვა ჩვეულ რეჟიმში მოხდება, იმიტომ რომ იანვარი შედარებით პასიური თვე იყო“, - განაცხადა ლაშა რიჟამაძემ.
ცნობისთვის, ბოლო თვეების განმავლობაში საქართველოში ინფლაციის ტემპი შედარებით დაჩქარდა და იანვარში წლიურმა ინფლაციამ 2% შეადგინა.