თითქმის 50-წლიანი საქმიანი ურთიერთობის დასრულების მიზეზი Credit Suisse-ის ფინანსური შედეგები და ახალი რესტრუქტურიზაციის სტრატეგიაა, რომელიც ბანკის მომავალთან დაკავშირებით კითხვის ნიშნებს ბადებს.
გასული წელის მონაცემებით, საინვესტიციო ფონდი Harris Associates-ი Credit Suisse-ის 10%-იან წლის ფლობდა, ამჟამად კი ინვესტიციის მოცულობა 0%-მდეა შემცირებული.
HAC-ის წარმომადგენლობის განმარტებით, გაზრდილი განაკვეთების ფონზე, დასავლური საფინანსო ორგანიზაციები და კომერციული ბანკები რეკორდული მოგების გენერირებას ახერხებენ, Credit Suisse-ი კი ზარალზე გადის, რაც კომპანიაში ინვესტიციის შენარჩუნებას არარაციონალურ ქმედებად აქცევს.
შეგახსენებთ, რომ გასული 2022 წელი Credit Suisse-მა $8-მილიარდიანი ზარალით დაასრულა, რაც ბანკის არსებობის ისტორიაში ყველაზე ცუდი შედეგია.
უაღრესად არასახარბიელო ფინანსური შედეგები "რესტრუქტურიზაციის რადიკალური" სტრატეგიითა და იმ ფაქტითაა განპირობებული, რომ ბანკის უმსხვილესი კლიენტები ანგარიშებს ხურავენ და Credit Suisse-დან აქტივების გატანას უჩვეულოდ მაღალი ტემპით ცდილობენ.
მოგეხსენებათ, Credit Suisse-ი მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი სისტემური ბანკია, რომელიც 1.5 ტრილიონი დოლარის აქტივებს აკონტროლებს და სამ მილიონამდე კლიენტს ემსახურება. ბანკს უდიდესი მნიშვნელობა აქვს შვეიცარიის ეკონომიკაზე, რადგან ის ქვეყნის რიგით მეორე უმსხვილესი საფინანსო ორგანიზაციაა, UBS-ის შემდეგ.
ხუთწლიან ჭრილში საფონდო ბირჟაზე Credit Suisse-ის აქციების ღირებულება 80%-ითაა შემცირებული, მისი საბაზრო კაპიტალიზაცია კი ამჟამად $11 მილიარდს შეადგენს, ნაცვლად 2007 წელს დაფიქსირებული $87 მილიარდისა.
ვრცლად შვეიცარიული ბანკის დაღმასვლის ისტორიის შესახებ წაიკითხეთ აქ: როგორ აღმოჩნდა Credit Suisse კოლაფსის ზღვარზე?