"საექიმო საქმიანობის შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებებით, უმცროს ექიმებს მიეცემათ უფლება, დეფიციტურ საექიმო საქმიანობებზე ჩააბარონ სასერტიფიკაციო გამოცდა და დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლება მიიღონ. ამის შესახებ ერთპარტიული პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ზაზა ლომინაძემ განაცხადა.
მან კანონპროექტი მეორე მოსმენით წარადგინა და მის არსზე ისაუბრა.
"კანონპროექტის შემუშავებას წინ უძღოდა სამუშაო ჯგუფების მიერ სერტიფიცირებული ექიმების და უმცროსი ექიმების მონაცემების შეგროვება-დამუშავება. ექიმების შემთხვევაში მონაცემთა ანალიზის მიზანს წარმოადგენდა დეფიციტური სპეციალობების იდენტიფიცირება, რაც მოვახდინეთ სამინისტროსთან ერთად, ხოლო უმცროსი ექიმების შემთხვევაში - როგორი იყო მათი გადანაწილება სტაციონარების დეპარტამენტების მიხედვით.
თქვენი მხარდაჭერის შემთხვევაში, 2025 წლის 1-ელ ოქტომბრამდე პროფესიული განვითარების საბჭოს გადაწყვეტილებით მომუშავე უმცროს ექიმებს, კანონპროექტით განსაზღვრული პირობებით, მიეცემათ უფლება, დეფიციტურ საექიმო საქმიანობებზე ჩააბარონ სახელმწიფო სასწავლებელში სასერტიფიკაციო გამოცდა და მიიღონ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლება. ამიტომ, წარმოდგენილია კანონპროექტის ახალ რედაქცია",- განაცხადა ზაზა ლომინაძემ.
აღსანიშნავია, რომ "საექიმო საქმიანობის შესახებ" კანონში ცვლილებების პროექტი ამ დროისთვის პარლამენტის ვებგვერდზე ატვირთული არაა. bm.ge საკითხზე მეტ დეტალს დოკუმენტის გამოქვეყნებისთანავე შემოგთავაზებთ.




























