მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

უმუშევრობა 16%, 27 ათასზე მეტი საარსებო შემწეობის მიმღები - როგორია გურიის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა?

სტიქია

უკვე რამდენიმე დღეა გურიაში სტიქიაა. რეგიონში დიდთოვლობას მსხვერპლიც მოჰყვა. თოვლის გამო ტრანსპორტი თითქმის ვერ მოძრაობს, ასევე გართულებულია სასწრაფოსა და გადაუდებელი დახმარების ბრიგადების გამოძახება, რამდენიმე სოფელი გარე სამყაროსა მოწყვეტილი.

BMG გთავაზობთ რეგიონის სოციალურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებს. დავიწყოთ საარსებო შემწეობით, რომელიც ქვეყანაში სოციალური დახმარების უმსხვილესი კომპონენტია.

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, იანვარში გურიაში საარსებო შემწეობას 27 283 ადამიანი იღებდა, მათგან 12 ათასზე მეტი სახელმწიფო დასაქმების პროგრამაშია ჩართული.

2022 წელს ძალაში შევიდა ცვლილება სოციალური დახმარების იმ ბენეფიციარებისთვის, რომლებიც იმყოფებიან 18 წლიდან საპენსიო ასაკამდე, არ წარმოადგენენ შეზღუდული შესაძლებლობების პირს და არ აქვთ სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემები. აღნიშნული ცვლილება ითვალისწინებს ბენეფიციარების დასაქმების შესაძლებლობებს, ძირითადად, საჯარო სექტორში, თვეში 300 ლარამდე ხელფასით. დასაქმების შემთხვევაში მიღებული ხელფასი გავლენას არ ახდენს ბენეფიციარის სოციალური დახმარების მოცულობაზე. აღსანიშნავია, რომ დასაქმების პროგრამის მონაწილე ოჯახები და პირები გარანტირებულად მიიღებენ საარსებო შემწეობას ოთხი წლის განმავლობაში, რადგან ამ პერიოდში არ მოხდება მათი სოციალური სტატუსის გადახედვა.

დეკემბერთან შედარებით შემწეობის მიმღებთა რიცხვი 160-ით არის გაზრდილი. საქსტატის ინფორმაციით, 2024 წლის მდგომარეობით გურიაში მოსახლეობა დაახლოებით 102 ათასი იყო, ეს ნიშნავს, რომ მოსახლეობის დაახლოებით 26% იღებს სოციალურ შემწეობას.

შარშანდელი დასაქმების მაჩვენებლები რეგიონების მიხედვით საქსტატს ჯერ არ გამოუქვეყნებია, თუმცა 2023 წლის მდგომარეობით გურიაში დაახლოებით 40 ათასი ადამიანი იყო დასაქმებული (როგორც დაქირავებით ისე თვითდასაქმებული). უმუშევრობის დონე რეგიონში 16%-ს შეადგენს. რაც შეეხება საშუალო თვიურ ხელფასს, რეგიონში 2023 წლის მდგომარეობით დაახლოებით 990 ლარია (გადასახადების ჩათვლით). ეს ქვეყანაში არსებული საშუალო ხელფასის (2023 წლის მდგომარეობით) ნახევარზე ცოტა მეტი.

გურიის მსგავსად დიდთოვლობამ დააზარალა აჭარის, სამეგრელოსა და იმერეთის რეგიონებიც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები