შრომის ბაზარზე უნარებთან დაკავშირებული მოთხოვნების შეფასებისთვის ამ ეტაპზე ყველაზე ახალი კვლევა, რომელიც გვაქვს ეს შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემაში ატვირთული და 2025 წლით დათარიღებული კვლევაა – სახელწოდებით “უნარებზე საწარმოთა მოთხოვნის კვლევა 2025”.
კვლევის მეთოდოლოგია
ანგარიში „უნარებზე საწარმოთა მოთხოვნის კვლევის“ ანალიზია, რომელშიც მოცემულია 2023-2024 წლებში დასაქმების სტრუქტურა დასაქმების საერთაშორისო კლასიფიკატორის პროფესიული ჯგუფების, ეკონომიკურ საქმიანობათა სახეების, რეგიონების, საწარმოთა ზომების, განათლების მიღწეული დონეების (საშუალო, პროფესიული და უმაღლესი) და სქესის მიხედვით.
"იმისათვის, რომ ეკონომიკურ საქმიანობათა კლასიფიკატორით განსაზღვრული სექციების დონეზე მიღებული კვლევის შედეგების ცდომილება არ აღემატებოდეს 1.69%-ს, ხოლო მთლიანად, ქვეყნის მასშტაბით გამოკვლევის ცდომილება არ აღემატებოდეს 0.53%-ს და ამასთან, კვლევის შედეგების გაციფრულების შემთხვევაში, უზრუნველყოფილი იყოს კვლევის შედეგების არანაკლებ 90%-იანი სანდოობა, ქვეყნის მასშტაბით ინტერვიუს განსახორციელებლად შეირჩა 10,100 საწარმო" - აღნიშნულია ანგარიშში.
საწარმოები შეირჩა საქსტატში არსებული ბიზნესრეგისტრიდან. გარდა ამისა, 1,100 საწარმო სარეზერვო იყო იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი ყოფილიყო ზუსტად 10,100 საწარმოსგან ინფორმაციის შეგროვება. კვლევის ფარგლებში, მსხვილი (589 საწარმო) და საშუალო ზომის საწარმოები (2,186 საწარმო) გამოიკითხა სრული მოცვით, ხოლო მცირე ზომის საწარმოები (7325 საწარმო) შეირჩა შემთხვევითი სტრატიფიცირებული შერჩევით.
3 მთავარი გამოწვევა
სამი მთავარი გამოწვევა, რაც მკაფიოდ ჩანს ამ კვლევიდან უკავშირდება – სამუშაო ძალის დაბერებას, პირველი სამუშაოს მაძიებლების შრომის ბაზარზე შეღწევადობას და თანამედროვე ტექნოლოგიების ათვისების დაბალ ტემპს. მივყვეთ თანმიმდევრობით.
რომელი პროფესიები ბერდებიან ყველაზე სწრაფად?
კვლევა აჩვენებს, რომ მომდევნო 5 წლის განმავლობაში, ანუ 2029 წლამდე – ყველაზე მეტად დაბერებადი სამუშაო ძალა თავს მოიყრის ტრანსპორტირებისა და დასაწყობების სექტორში, რაც რეალური გამოწვევაა, თუ გავითვალისწინებთ საქართველოს სატრანზიტო ფუნქციას, მათ შორის. ამ სექტორში მოლოდინია, რომ ხუთი წლის თავზე, დასაქმებულთა 20% საპენსიო ასაკის იქნება.
ყველაზე ნაკლებად დაბერებადი სამუშაო ძალა საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სექტორშია – მომდევნო 5 წლის თავზე, აქ დასაქმებულთა მხოლოდ 4% იქნება საპენსიო ასაკის.
კონკრეტული პროფესიების მიხედვით თუ ჩავშლით სურათს – გამოვა, რომ დანადგარებისა და მოწყობილობების ოპერატორები და ამწყობების 15 % მომდევნო 5 წელიწადში საპენსიო ასაკის იქნება – ეს დაბერების ყველაზე მაღალი ხვედრითი წილია. ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 6%–ია და ოფისის დამხმარე პერსონალს და მომსახურებისა და გაყიდვების სფეროებში დასაქმებულ პირებს მოიცავს.
რამდენად ადვილია პირველად დასაქმება?
რაც შეეხება პირველი სამუშაოს ძიებას, აქ ასეთი სურათია. კითხვაზე – ბოლო 12 თვის განმავლობაში დაუქირავებია თუ არა თქვენს საწარმოს პირველი სამუშაოს მაძიებლები? საწარმოთა 95% პასუხობს, რომ – არა.
დარჩენილი 5%–ის შემთხვევაში, რაც 2, 490 საწარმოა 48 699–ის საპირისპიროდ, ვისი პასუხიც უარია – ყველაზე მეტი პირველი სამუშაოს მაძიებელი დასაქმდა: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების, ვაჭრობის და ინფორმაცია / კომუნიკაციების სექტორებში.
დასაქმებული 27 861 პირველი სამუშაოს მაძიებლისგან ყველაზე მეტი იყო უმაღლესი განათლებით, შემდეგ - საშუალო და ბოლოს - პროფესიული განათლებით. ბიზნესის შეფასებით, ამათგან ყველაზე სუსტი რგოლი – საშუალო განათლებაა.
ბიზნესი & პროფესიული განათლება
მიუხედავად იმისა, რომ პროფესიულ განათლებას უკეთესი შეფასება აქვს დამსაქმებლების მხრიდან, ვიდრე საშუალო განათლებას, კვლევა აჩვენებს, რომ გამოკითხულ საწარმოთა 73%–ში პროფესიული განათლებით დასაქმებული ადამიანი არ ჰყავთ. ამასთან, ამავე კვლევის მიხედვით, ეს არ უკავშირდება უნარების დეფიციტს, რადგან 59% დადებითად აფასებს პროფესიული განათლების მქონე დასაქმებულებს, ხოლო 57% მიიჩნევს, რომ მათ საწარმოებში დასაქმებული პროფესიული განათლების ადამიანები დამატებით გადამზადებას არ საჭიროებენ.
კვლევიდან ისიც ჩანს, რომ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან საწარმოების თანამშრომლობა ძალიან დაბალ დონეზეა და ამ თანამშრომლობას პრიორიტეტად საწარმოები არც სამომავლოდ მიიჩნევენ. თუმცა, ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ დინამიკა მცირედით გაუმჯობესებულია 2022 წელთან შედარებით – საწარმოების 36%–მა ამ თანამშრომლობის შედეგად ამ პერიოდში 5909 ადამიანი დაასაქმა.
ქართული ოცნების დეპუტატმა გიორგი ვოლსკიმ კი გვითხრა, ბოთლის მბერავებზე დიდი მოთხოვნაა, მაგრამ უმაღლესდამთავრებული ამ სამუშაოს თაკილობსო, მაგრამ ამ კვლევას თუ შევხედავთ – პირობითი ბოთლის მბერავები (რადგან უშუალოდ ეს მოთხოვნა ამ კვლევაში არ იკითხება) ბიზნესს მაინც გამოცდილებით და უმაღლესი განათლებით სჭირდება.
ვისი რეკომენდაციაა მთავარი?
ახალი კადრების აყვანისას საწარმოების უმრავლესობისთვის მნიშვნელოვანია ნათესავები, მეგობრები, ნაცნობები. 3% – პირდაპირ ამბობს, რომ სუბიექტური გადაწყვეტილების საფუძველზე იღებს ახალი კადრის დასაქმების გადაწყვეტილებას. საინტერესოა ის მიგნებაც, რომ 21–ე საუკუნეში, გლობალური ეკონომიკის პირობებში, საქართველოში გამოკითხული საწარმოების 48% ამბობს, რომ თავის საწარმოში დასაქმებულს არ სჭირდება უცხო ენის ცოდნა. უმეტეს შემთხვევაში – კი – ამ პასუხს სცემს კვლევის კითხვას გამოკითხული საწარმოების 30%. ამ შემთხვევაში, უპირობო ლიდერია – ინგლისურის ცოდნა, მას მოსდევს რუსული და შემდეგ – თურქული.
ბიზნესი & უცხოელების დასაქმება
საწარმოთა მხოლოდ 7%–ს ჰყავს დასაქმებული უცხო ქვეყნის მოქალაქეები. კვლევა აჩვენებს, რომ ამ თვალსაზრისით ამ საწარმოებისთვის გამოწვევას წარმოადგენენ სპეციალისტი–პროფესიონალები – მათ შორის, ყველაზე მაღალი წილით პროგრამისტები და ასევე – მენეჯერები.
უცხო ქვეყნის მოქალაქეების დასაქმების ძირითად მიზეზად კვლევა აიდენტიფიცირებს იმას, რომ საწარმოს ჰყავს უცხოელი დამფუძნებელი ან მენეჯმენტი. ბაზარზე საჭირო კვალიფიკაციისა და პროფესიული უნარების დეფიციტი ადგილობრივ მუშახელში მხოლოდ მესამე ადგილზეა – და გამოკითხული საწარმოების მხოლოდ 7% ამახვილებს ამ გამოწვევაზე ამ კონტექსტში ყურადღებას, რაც ალბათ დაფიქრებად ღირს განსაკუთრებით 1 მარტიდან ასამოქმედებელ შეზღუდვებთან მიმართებით, რაც უცხოელების დასაქმებას მნიშვნელოვნად გაართულებს.
ცოტა უფრო დეტალურად შევხედოთ, რა ტიპის პროფესიული ჯგუფი ან რა კვალიფიკაციის მუშახელი არ მოიძებნა ადგილობრივ ბაზარზე. ეკონომიკის სამინისტროს მიერ მომზადებული კვლევა აჩვენებს, რომ 5 მსხვილი ჯგუფია გამოყოფილი – სპეციალისტი–პროფესიონალები; დანადგარების და მოწყობილობების ოპერატორები და ამწყობები; მენეჯერები და ტექნიკოსები და დამხმარე სპეციალისტები.
ბიზნესი & თანამედროვე ტექნოლოგიები
ეკონომიკის სამინისტროს ეს კვლევა პირდაპირ მიზეზ–შედეგობრივ კავშირებს არ ადგენს, თუმცა, ალბათ, გონივრულია ვივარაუდოთ, რომ ამ ტიპის მუშახელის გარეთ ძიების ერთ–ერთი და ალბათ, არცთუ უმნიშვნელო საფუძველი, ტექნოლოგიების ათვისების დაბალი ტემპია.
გამოკითხული საწარმოების 90% არ იყენებს თანამედროვე ტექნოლოგიებს. ის 10%, რომელიც იყენებს – და მათი რაოდენობა 5300–ია – მათ მოთხოვნას ძირითადად აფორმირებს საკომუნიკაციო ტექნოლოგიები. შემდეგ მოდის – ინფორმაციული ტექნოლოგიები. გაცილებით ნაკლები – საშუალოდ სამჯერ და მეტჯერ ნაკლები წილითაა წარმოდგენილი სუფთა ტექნოლოგიები, რობოტიკა და ავტომატიზაცია და განახლებადი ენერგია და მდგრადობა.
მაგალითად – ინფორმაციულ ტექნოლოგიებში ლიდერია ხელოვნური ინტელექტი; სუფთა ტექნოლოგიებში – ნარჩენების მართვა და გადამუშავება; რობოტიკასა და ავტომატიზაციაში – ავტონომიური მანქანები; განახლებადი ენერგიისა და მდგრადობის მიმართულებით ყველაზე მეტად ათვისებულია მზის ენერგია.
საწარმოების 97% არც მომავალში გეგმავს ინვესტიციებს თანამედროვე ტექნოლოგიებში. ამასთან, გამოკითხული საწარმოების უმრავლესობის მოლოდინია, რომ თანამედროვე ტექნოლოგიებში ინვესტიციების გავლენა პროფესიულ ჯგუფებზე მოთხოვნის თვალსაზრისით, პრაქტიკულად, ნულოვანი იქნება.
სად უნდა იყოს სახელმწიფოსთვის ინვესტიციების ჩადება პრიორიტეტული? - ბიზნესის პასუხი
როცა ეკონომიკის სამინისტრო ბიზნესს ეკითხება სად უნდა იყოს სახელმწიფოსთვის ინვესტიციების ჩადება პრიორიტეტული – ძალიან მკაფიო პასუხს იღებს: საწარმოების უმრავლესობა სახელმწიფოს მხრიდან ინვესტიციების განხორციელების მხრივ პრიორიტეტულ მიმართულებად პროფესიულ განათლებას ასახელებს (43%), მეოთხედი (26%) პრიორიტეტულ მიმართულებად თვლის უმაღლეს განათლებას, 13% - საშუალო განათლებას, ხოლო 18%-ს არა აქვს პასუხი.
ვაკანსიები & საშუალო ხელფასები
და ბოლოს, იმის შეხსენებაც მინდა თქვენთვის, რაც ისედაც იცით და რაც მთლიანად არის ამოვარდნილი მსჯელობიდან, როცა დისკუსია ბოთლის მბერავებზე მოთხვონის დონეზე დადის – ეს ხელფასია, რაც ხშირად უქმნის მოტივაციას აბიტურიენტს იმ ფაკულტეტზე ჩააბაროს და ინვესტიცია საკუთარ განვითარებაში იმ კუთხით ჩადოს, საიდანაც უკუგების მეტი მოლოდინი ექნება. ამ მოლოდინს, აბიტურიენტისთვის, მათ შორის, გამოცხადებული ვაკანსიებიც უქმნის, თუმცა, ხელფასი ერთადერთი მოტივატორი არ არის –სტატუსი, შრომით კმაყოფილება, მოქნილი სამუშაო გრაფიკი და ა.შ. – ბევრი ფაქტორი მოქმედებს პროფესიის არჩევანზე.
ბოლო 1 წლის განმავლობაში გამოცხადებულ ვაკანსიებზე შეთავაზებული საშუალო ხელფასი, ძირითადი პროფესიული ჯგუფების მიხედვით, ყველაზე მაღალი მენეჯერების ჯგუფშია - 2,544 ლარი, შემდეგ მოდიან სპეციალისტები - 2,074 ლარი და ტექნიკოსები - 1,920 ლარი. ეს მაჩვენებელი ყველაზე დაბალი დამწყები კვალიფიკაციის მუშების ჯგუფშია - 957 ლარი. კვლევა იმასაც აჩვენებს, რომ 2024 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით, გამოცხადებული ვაკანსიებიდან შეუვსებელი დარჩა 10,602 ვაკანსია, რაც გამოცხადებული ვაკანსიების 14%-ია.

რეიტინგი - ყველაზე მაღალანაზღაურებადი საქმის ათეული
კვლევა ყველაზე მაღალანაზღაურებადი პროფესიული ჯგუფების ათეულზეც გვიქმნის წარმოდგენას – მენეჯერებში - კვლევებისა და დამუშავებების მენეჯერები; სპეციალისტებში - სისტემური ანალიტიკოსები; ტექნიკოსებში - თვითმფრინავების პილოტები; ოფისის პერსონალში - სოციოლოგიური გამოკვლევების და ბაზრის კონიუნქტურის კვლევების ინტერვიუერები; მომსახურების სფეროსა და სავაჭრო დაწესებულებების მომსახურე პერსონალში - ბორტგამცილებლები და სტიუარდები; სოფლის მეურნეობის კვალიფიციურ მუშაკებში - ღრმა წყლების მეთევზეობის სფეროს მუშაკები; ხელოსნებსა და მონათესავე პროფესიების მუშაკებში - ავიაძრავების მექანიკოსები და შემკეთებლები; სამრეწველო დანადგარებისა და მანქანების ოპერატორებსა და ამწყობებში - ჭებისა და ჭაბურღილების მბურღავები და მონათესავე სფეროთა მუშები; დამწყები კვალიფიკაციის მქონე მუშახელში - სამოქალაქო მშენებლობის არაკვალიფიციური მუშები. ზოგადად, ყველაზე მაღალი საშუალო თვიური ხელფასი, ელემენტარული პროფესიული ჯგუფების მიხედვით, თვითმფრინავების პილოტებს აქვთ – 7, 760 ლარი.
ამ გადმოსახედიდან პირობითად ბოთლის მბერავობაზე მომგებიანი მაინც პარლამენტარობაა.



























