ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისი დეკემბერში დასაქმების ბაზარზეც აისახა. PMCG-ის დასაქმების თრექერის მიხედვით, დეკემბერში jobs.ge-ზე 4,964 ვაკანსია გამოქვეყნდა. ნოემბერთან შედარებით კლება 20.2%, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით კი 5%-ია. ვაკანსიების კლებაზე საუბრობენ დასაქმების სააგენტო Hr.ge-ში. სააგენტოს წარმომადგენელი ინგა შახბაზიანი აცხადებს, რომ დეკემბერში წინა წლის დეკემბერთან შედარებით ვაკანსიების 2%-იანი კლებაა, 2024 წელი კი ჯამში 5%-იანი კლებით დაიხურა.
ბიზნესსექტორში ახალი სამუშაო ადგილების კლებას ქვეყანაში შექმნილ რთულ პოლიტიკურ პროცესებს და არასტაბილურ გარემოს უკავშირებს კომპანია Insource-ის მმართველი პარტნიორი. მედეა ტაბატაძე ამბობს, რომ ვაკანსიები ძირითადად ცხადდება ფიზიკურ სამუშაოებზე, რაც კრიზისულ ეკონომიკას ახასიათებს. მისი აზრით, შრომის ბაზარზე მდგომარეობა სავარაუდოდ, არც შემდგომ თვეებში შეიცვლება.
„ახალი სამუშაოების შექმნის ტემპი შედარებით შენელებულია, ეს პერიოდი იწყება ოქტომბრის ბოლოდან, იანვარშიც რთული ციფრები შეიძლება მივიღოთ. ცხადია, რომ კლების ტემპი დაკავშირებულია პოლიტიკურ მოვლენებთან. საწყის პერიოდში ეს იყო არჩევნების წინა პერიოდი და არჩევნების შემდგომი პერიოდი, შემდეგ ნოემბრის და დეკემბრის გაურკვეველი კურსი და მოქალაქეების რეაქცია, რასაც მოჰყვა შიდა ინვესტორების თავშეკავებული გადაწყვეტილებები.
ჩემი სუბიექტური მოსაზრებაა, რომ თებერვალშიც და მარტშიც იქნება აუცილებლად კლება და მგონია, რომ ზაფხულისკენ ცოტა გამოცოცხლება შეიძლება შევამჩნიოთ. არ მგონია, რომ 2 თვეში რაიმე სწრაფად შეიცვალოს დასაქმების ბაზარზე.
ინდუსტრიებს რაც შეეხება, თქვენ წარმოიდგინეთ სტუმარმასპინძლობის გარდა ყველაზე მოთხოვნადი ინდუსტრიები და პროფესიებიც კი თავშეკავებულად იქცევიან, მაგალითად თუ ვაკანსიები არ არის გლობალური დასაქმების მიზნით.
ბევრი ვაკანსია, რაც მხვდება ყოველთვის ეს არის ფიზიკური სამუშაოები რიტეილის ქსელში, ეს შეიძლება იყოს სამედიცინო სფეროში წინა ხაზის პერსონალი, მიმღები, მოლარე ოპერატორი და ა.შ ესეც კრიზისული ეკონომიკის დამახასიათებელია, როდესაც აუცილებელი სამუშაოებისთვის, სადაც არაფერი ინვესტიცია არ ხდება, გარდა იმისა, რომ ოპერაციები უნდა შეინარჩუნონ, ხდება ვაკანსიების გამოცხადება და თანამშრომლების დაქირავებაც.
მგონია, რომ ეს ფიზიკური სამუშაოების რაოდენობა შეინარჩუნებს არსებობას დასაქმების ბაზარზე. ზაფხულამდე რაღაცები შეიძლება იყოს, მაგრამ არ მგონია, რომ ამ მიმართულებით ბიზნესებმა დაიწყონ ინვესტიციის გაკეთება ზაფხულამდე. მიმდინარე მოვლენები რეაქციასავით დარჩება მაისამდე დასაქმების ბაზარზე და რეზონანსული კლება იქნება“,-აცხადებს მედეა ტაბატაძე.