მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"უნდა არსებობდეს მარეგულირებელი და შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩო" - რა აძვირებს სურსათს და რაშია გამოსავალი?

ირაკლი ქურდაძე

უნდა არსებობდეს მარეგულირებელი და შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც შექმნის ადგილობრივი წარმოების დაცვის დაბალანსებულ მოდელს - ასეთია “ფრიქსის” კომერციული დირექტორის, ირაკლი ქურდაძის მოსაზრება სასურსათო ფასების მიმართულებით არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებთან დაკავშირებით.

26 იანვარს სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით სამთავრობო საკოორდინაციო კომისია მწარმოებლებს შეხვდა. სხდომას ირაკლი ქურდაძეც ესწრებოდა, რომელმაც პრეზენტაცია წარადგინა არსებული პრობლემების და შესაძლო გადაჭრის გზების შესახებ.

პრობლემების ნაწილში ის ხაზს უსვამს ქსელების მხრიდან მოთხოვნილი ქეშბექების არასამართლიანობას და როგორც პრეზენტაციაზე აღნიშნა, თუ არ მოხდება ამ სფეროს რეგულირება და ქართული წარმოების დაცვა, დიდი ალბათობით, წარმოების დიდი ნაწილი დაიკეტება.

ირაკლი ქურდაძის თანახმად, თუ დავუშვებთ, იმას, რომ პროდუქტის თვითღირებულება 2020 წლიდან დღემდე არ შეცვლილა [თუმცა ამ ნაწილშიც მწარმოებელს გაუძვირდა თვითღირებულების ბევრი კომპონენტი], მისი მოგებიანობა 20%-დან ჩამოვიდა 2%-ზე. ეს მარჟა კი ქსელებმა წაიღეს (მათი მარჟა 46%-მდე გაიზარდა), რასაც იყენებენ საკუთარი საოპერაციო ხარჯების და ქსელის გაფართოების დასაფინანსებლად.

მან გამოწვევად ისიც დაასახელა, რომ ქსელები ავითარებენ იმპორტს და ადგილობრივი წარმოების პროდუქტს ანაცვლებენ საკუთარი იმპორტით.

რაც შეეხება გამოსავალს, ირაკლი ქურდაძის მიერ შეხვედრაზე წარდგენილი პრეზენტაციის თანახმად, ასეთია:

  • გამომდინარე, იქიდან, რომ სასურსათო უსაფრთხოება ზოგადად ყველა ქვეყნის ერთ-ერთი სტრატეგიული სფეროა, უნდა მოხდეს, ამის ყველას მხრიდან აღიარება და გამოცხადება, რომ ქვეყანას უნდა გააჩნდეს საკუთარი წარმოება, რითაც შექმნის კვების უსაფრთხოების გარკვეულ დონეს.
  • ისევე, როგორც სტრატეგიული სფეროა, კომუნიკაციები, ენერგეტიკა, მევენახეობა, ფინანსური და საბანკო სისტემა, ბუნებრივი რესურსები და ა.შ. აქაც უნდა არსებობდეს მარეგულირებელი და შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც შექმნის ადგილობრივი წარმოების დაცვის დაბალანსებულ მოდელს.
  • კონკურენციის სააგენტომ, FMCG სექტორის ანალიზის დროს, ცალ-ცალკე უნდა განიხილოს ბაზრის კონცენტრაციის მაჩვენებლები, ფარმაცევტულ, კვების და მსუბუქი ინდუსტრიის სფეროებში. რათა სამართლიანად შეფასდეს კომპანიების მიერ, გაკონტროლებული ბაზრის ხვედრითი წილები და კონცენტრაცია.
  • ამ პირობებში, მეთოდურად, კომისიის ფარგლებში უნდა მოხდეს საცალო სექტორის ანალიზი, რის საფუძველზეც, ჩამოყალიბდება საერთო თამაშის წესები, რაც მოიცავს ბალანსს თავისუფალ ბაზარსა და ადგილობრივი წარმოების დაცვა/შენარჩუნებას შორის.
  • ასევე, ძალიან კარგი ინსტრუმენტია საჯარო აუდიტის სისტემა, სადაც კიდევ უფრო მეტად უნდა მოხდეს კომერციული დანახარჯების ჩაშლა და გამოტანა საჯაროდ ქსელების მხრიდანაც და მწარმოებლების მხრიდანაც, რომ ყველამ დაინახოს უკვე შემდგომში ნათლად, შემუშავებული პოლიტიკის შედეგი.
  • ქმედითი ნაბიჯების გადადგმა უნდა მოხდეს ძალიან მოკლე პერიოდში, რათა შევძლოთ და შევინარჩუნოთ წარმოება და ღირებულებათა ჯაჭვი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები