საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, სურსათის ფასების რეგულირების მიზნით ეკონომიკის სამინისტრო სამართლიანი ვაჭრობის შესახებ ევროდირექტივის შესაბამისად კანონპროექტს მოამზადებს. ამას წინ უძღოდა ორი კვირის წინ პრემიერისვე გაკეთებული განცხადება, რა დროსაც მან ბიზნესები შეუსაბამოდ მაღალი ფასნამატისთვის გააკრიტიკა.
საკითხზე კონკურენციის სააგენტომაც მოამზადა მოკვლევა და თქვა, რომ დისტრიბუციიდან საცალო მომხმარებლამდე მიღწევისთვის სასურსათო პროდუქტების ფასნამატი ხშირად 60%-80%-ის ფარგლებშია.
ამჟამად უცნობია, რას ნიშნავს “ფასების დარეგულირება”, რადგანაც სახელმწიფოს კერძო ბიზნესისთვის კონკრეტული საფასო ჩარჩოების და ლიმიტების დადგენა არ შეუძლია. ისევე როგორც არ შეუძლია კერძო ბიზნესს მოგების მარჟები განუსაზღვროს. დღეს ცნობილი გახდა, რომ საკითხის “მოგვარებას” ხელისუფლება გეგმავს კანონპროექტით, რომელიც ევროკავშირის მიერ 2019 წელს მიღებული დირექტივის შესაბამისი უნდა იყოს. მნიშვნელოვანია გარემოება, რომ ევროდირექტივა “ფასნამატს” ან “მარჟებს” არ უკავშირდება და ის სასურსათო ნედლეულის პირველად მწარმოებლებს, დისტრიბუტორებსა და სავაჭრო ქსელებს შორის ურთიერთობებს აწესრიგებს.
ეკონომიკის მინისტრის ლევან დავითაშვილის თქმით, ამ საკითხების მოგვარება საბოლოოდ სურსათის პროდუქციის ფასზეც აისახება. რისი დარეგულირება სურს მთავრობას და რას ნიშნავს მთავრობის ეს განცხადებები ბიზნესისთვის, ISET-ის მთავარი ეკონომისტისგან შევეცდებით მოვისმინოთ პასუხები კითხვებზე, რაც დარწმუნებული ვარ საზოგადოების დიდ ნაწილს დარჩა, მთავრობის წევრების ამ განცხადებების შემდეგ.
სტუმარი: გიორგი პაპავა - ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი;