მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უნდა დადგინდეს სავალუტო დერეფანი და შემუშავდეს სესხების რეფინანსირების ახალი სქემა - გიგლა მიქაუტაძე

5f71bb2a52923
ვიქტორია მღებრიშვილი
28.09.20 18:12
790
უნდა დადგინდეს სავალუტო დერეფანი და შემუშავდეს სესხების რეფინანსირების ახალი სქემა, - ამის შესახებ „ლელოს“ გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, გიგლა მიქაუტაძემ ეროვნული ვალუტის გაუფასურებასთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მან ეროვნული ვალუტის სტაბილურობაზე პასუხისმგებლობა მთავრობასა და ეროვნულ ბანკს დააკისრა.

„მეზობელ სომხეთსა და აზერბაიჯანში ეროვნული ვალუტები ინარჩუნებენ სიმყარეს, მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვეყნებში ომია. ქართული ლარი კი, ბოლო 2 კვირის მანძილზე, უწყვეტად განაგრძობს გაუფასურებას. ლარის კურსმა, დოლართან მიმართებით, პანდემიის დროს იპოვა წონასწორობის ახალი წერტილი დაახლოებით 3.00-ის ფარგლებში. თუმცა, ბოლო ორი კვირის განმავლობაში მკვეთრად გაუფასურდა, მაშინ, როცა ძირეულად არაფერი შეცვლილა. მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენმა ქვეყანამ მიიღო 3 მლრდ დოლარის დახმარება, რომელსაც თავისუფლად შეეძლო კურსის დასტაბილურება. სად წავიდა ეს თანხა? რატომ არ მიმართავს ეროვნული ბანკი ინტენსიურ ინტერვენციებს, რათა დააბრუნოს ლარი ბუნებრივი წონასწორობის წერტილში?“ - განაცხადა გიგლა მიქაუტაძემ.

მან სავალუტო დერეფნის შექმნასთან დაკავშირებით „ლელოს“ ინიციატივას გაუსვა ხაზი.

„ეროვნულმა ბანკმა უნდა დაადგინოს სავალუტო დერეფანი და მართოს ლარის კურსი ამ ჩარჩოებში, რათა დაამშვიდოს ბაზარი. დღეს ეროვნულ ბანკს აქვს ამის რესურსი. მან უნდა გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ მივიღებთ მაღალ ინფლაციას წლის ბოლოს“, - განაცხადა „ლელოს“ გლდანის მაჟორიტარმა დეპუტატობის კანდიდატმა.

გიგლა მიქაუტაძე ასევე საბანკო სესხებს შეეხო და აღნიშნა, რომ საშეღავათო პერიოდი დასრულდა, კრიზისი კი ისევ რჩება და მთავრობა არაფერს სთავაზობს მოსახლეობას სესხების გადავადებასთან დაკავშირებით.

„არაერთმა ქვეყანამ გადაავადა სესხების გადახდა ერთი წლით. ეს მოხდა იმის საფუძველზე, რომ ცენტრალურმა ბანკებმა და მთავრობამ შეიმუშავეს ახალი სქემა. ანალოგიურად უნდა მოხდეს საქართველოშიც. მთავრობამ, ეროვნულმა ბანკმა და საფინანსო სექტორმა უნდა შეიმუშაონ სესხების რეფინანსირების გზა, რომელიც პანდემიით დაზარებულ ადამიანებსა და კომპანიებს 6 თვით მაინც მისცემს სესხების გადავადების საშუალებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსახლეობის დიდი ნაწილი შავ სიაში აღმოჩნდება და მივიღებთ საბანკო კრიზისს, რომელიც საბოლოოდ მძიმე ეკონომიკურ კრიზისში გადაიზრდება“, - აცხადებს მიქაუტაძე.
NS

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები