ხელოვნური ინტელექტი მუსიკასა და ტექსტებს აგენერირებს, თუმცა ვის ეკუთვნის უფლებები ამ კონტენტზე? - ინტელექტუალური საკუთრების მფლობელთა ასოციაციაში ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე საუბრობენ. მათი თქმით, საქართველოში ფიზიკური და იურიდიული პირები ავტორებისთვის ჰონორარების გადახდას AI-ის მეშვეობით თავს არიდებენ და შესაბამის ნაწარმოებებს ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ქმნიან.
საქპატენტის თავმჯდომარემ სოსო გიორგაძემ საკანონმდებლო ორგანოში განაცხადა, რომ ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით შექმნილი ნაწარმოებების ავტორთა პასუხისმგებლობის საკითხი და მათი კონტროლი დიდ რესურსებს მოითხოვს. მისი თქმით, რეგულაციების დაწესებისას მნიშვნელოვანია ბალანსის დაცვა, იმისთვის, რომ ტექნოლოგიური სიახლეების გამოყენებაში ადამიანები არ შეიზღუდონ.
“მაგალითად გერმანიაში ან თუნდაც ამერიკის შეერთებულ შტატებში თუ არ არის პრაქტიკა, ჩვენ როგორ მოვიფიქრებთ - მე ამ პოზიციიდან არ გელაპარაკებით, მით უმეტეს ვსაუბრობ პარლამენტში და აბსოლუტურად გააზრებული მაქვს პასუხისმგებლობა, რომელიც საქართველოს პარლამენტის წინაშე გააჩნია სამთავრობო ორგანიზაციას.
რამდენიმე ვერსიაც შემიძლია შემოგთავაზოთ, თუმცა დარწმუნებით, რამდენადაც შეიძლება მოსაწონი არ იყოს, მე უნდა გითხრათ ობიექტური სიმართლე, რომ დღეს მსოფლიოში, მათ შორის საქართველოში, არ გაგვაჩნია ხედვა, რომელიც ამ საკითხის საბოლოო გადაწყვეტას შემოგთავაზებთ.
კიდევ ერთი საკითხი, რომელიც პრობლემური შეიძლება იყოს და სირთულეს წარმოადგენდეს ეს არის მივიდეთ იმ ადამიანების ან ფიზიკური თუ იურიდიული პირების პასუხისმგებლობაზე, რომლებიც ამ ტექნოლოგიების გამოყენებით ქმნიან მუსიკას.
ერთი საკითხი, რომელსაც შეიძლება მსოფლიოში განიხილავენ, ეს არის, რომ პასუხისმგებლობა დავაკისროთ, მაგალითად, ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელმაც რომელიმე ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შექმნა მუსიკა.
ეს უფრო, ალბათ, უხეშად ჟღერს იმიტომ, რომ ამის ადმინისტრირება კატასტროფულად გართულდება. მოგეხსენებათ, რომ ამ ადმინისტრირებას თავისი რესურსი აქვს. IPOA-ს კანონში უწერია, რომ ის არ ხარჯავს 20%-ზე მეტს მიღებული შემოსავლებიდან და ძალიანაც რომ მოინდომოს, ვერ შეძლებს ყველა იმ ფიზიკური და იურიდიული პირის კონტროლს, რომელიც ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შექმნის პროდუქტს. შესაბამისად, ამ ადმინისტრირებას რაღაც სხვა ფორმა უნდა ჰქონდეს.
აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ფიზიკური პირების ან იურიდიული პირების მიმართულებით წასვლა, ერთი მხრივ, გამოიწვევს ადმინისტრირების სირთულეებს და მეორე მხრივ, მე ვფიქრობ, შესაძლოა გაჩნდეს კითხვები სამართლიან მიდგომასთან დაკავშირებით - იმიტომ, რომ ადამიანები, რომლებიც იყენებენ ტექნოლოგიურ სიახლეებს, ჩვენ შეიძლება შევზღუდოთ ამ ტექნოლოგიური სიახლეების გამოყენებაში,” - ამბობს საქპატენტის თავმჯდომარე სოსო გიორგაძე.




























