მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„უნდა დაიწყოს საინჟინრო კომპანიების სერტიფიცირება“ – „სმარტერი“ შენობების უსაფრთხოებაზე

აბულაძე

„სმარტერის“ მმართველი პარტნიორის დიტო აბულაძის შეფასებით, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მიერ შენობების პერიოდული შემოწმება უსაფრთხოების კუთხით არსებულ პრობლემებს ვერ მოაგვარებს. დიტო აბულაძე ხაზს უსვამს, რომ ეფექტური გამოსავალი საინჟინრო კომპანიების სერტიფიცირებაა.

გადაცემა "უძრავი ქონების პროსპექტში" შენობების უსაფრთხოების საკითხის განხილვისას "სმარტერის" მმართველმა პარტნიორმა ბაზარზე არსებულ მანკიერ პრაქტიკაზე გაამახვილა ყურადღება. მისი ინფორმაციით, დარგის წარმომადგენლებმა პრობლემის გადასაჭრელად ასოციაცია შექმნეს და ეკონომიკის სამინისტროსთან თანამშრომლობენ.

„ბოლო წლებში თბილისის და ბათუმის ტერიტორიაზე რამდენიმე სახანძრო ინციდენტი მოხდა, მათ შორის ცნობილი სასტუმროს შემთხვევა, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ მხოლოდ შერჩევითი ინსპექტირება პრობლემას ვერ აგვარებს. ჩემი აზრით, ამ პრობლემის ეფექტური გადაწყვეტა კომპანიების სერტიფიცირებით არის შესაძლებელი. დღეს ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, ჩამოაყალიბოს კომპანია და მოაწყოს სახანძრო სისტემების მონტაჟი, რაც ხშირად არაჯანსაღ პრაქტიკას ქმნის. სერტიფიცირებული კომპანიები კი ავტომატურად ირჩევენ მხოლოდ ჯანსაღი პარტნიორებს, ხოლო არაკეთილსინდისიერ კომპანიებს რეალური რისკი ექნებათ — მათ ჩამოერთმევათ ლიცენზია და დაეკისრებათ ჯარიმა.

ჩემი დაკვირვებით, მსგავსი პრობლემა განსაკუთრებით გარეუბნებშია, სადაც ბიუჯეტური მშენებლობა მიმდინარეობს. კომპანიები ცდილობენ, მშენებლობა დაბალ ფასად დასრულდეს, ხარისხზე ნაკლებად ზრუნავენ, მიწოდების მოცულობა დიდია, შესაბამისად, პრობლემაც მასშტაბურია.

ამიტომ, ჩვენ გარკვეული წამყვანი კომპანიები გავერთიანდით, ჩამოვაყალიბეთ საქართველოს ელექტროტექნიკური ასოციაცია geta.ge, ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ ეკონომიკის სამინისტროსთან და გვინდა, რომ შევძლოთ ისეთი მოდელის შექმნა, სადაც ერთი მხრივ გათვალისწინებული იქნება კერძო სექტორის ინტერესები და დაცული იქნება რეალურად მოსახლეობაც. გვაქვს ძალიან ხელშესახები შედეგები და ვფიქრობ, რომ სახანძროსგან განსხვავებით, ბევრად უფრო წარმატებულად წავა ეს ყველაფერი“, - განაცხადა აბულაძემ.

ინფორმაციისთვის, თბილისის მერიის ცნობით, კომპანიები შენობის ექსპლუატაციაში მიღების მიზნით სახანძრო უსაფრთხოების სისტემებს ქირაობენ და დროებით, შემოწმებისას დადებითი შეფასებისთვის ამონტაჟებენ. აქედან გამომდინარე მუნიციპალურმა ინსპექციამ ექსპლუატაციაში მიღებული შენობა-ნაგებობების შერჩევითი შემოწმება დაიწყო. პირველადი დაკვირვებით საუბარია ექსპლუატაციაში მიღებული შენობების დაახლოებით 10%-ზე. დედაქალაქის მერია ამხანაგობებისთვის სავალდებულო პერიოდული ინსპექტირების ვალდებულების შემოღებაზეც მუშაობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები