"ჩვენ უნდა დავლაგდეთ ყველასთან, მათ შორის „გლობალური ომის პარტიასთანაც“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
აშშ-სთან ურთიერთობების შესახებ საუბრისას კობახიძემ ასევე განაცხადა, რომ ყველაფერი მას შემდეგ დალაგდება, რაც დასრულდება არჩევნები საქართველოსა და აშშ-ში და უკრაინაში ომი დასრულდება.
„ჯო ბაიდენთან ვახშამზე დაახლოებით 100-მდე ქვეყანა იყო მიწვეული, რომელსაც აქვს გაფორმებული, თუ გაუფორმებელი ავტოკრატია საკუთარ ქვეყანაში, მათ შორის ერთპარტიული მმართველობა და ა.შ. და ისინი იყვნენ მიწვეულები. აქ, სად არის ლოგიკა? ჩვენთვის ლოგიკა არის ერთადერთ რამეში, ამ შემთხვევაში, ყველაფერში ურევია „გლობალური ომის პარტიის“ ხელი. ვიღაცები არიან ძალიან განაწყენებული იმის გამო, რომ ჩვენ არ გადავდგით კონკრეტული ნაბიჯები 2022 წლიდან და ამ გაღიზიანების გამოხატულებაა ასეთი ფაქტები“, - თქვა კობახიძემ.
მისივე თქმით, საქართველო აშშ-სთან ურთიერთობის გადატვირთვისთვის მზად არის, თუმცა არჩევნების დასრულებამდე ამის იმედი არ აქვს.
„ჩვენ უნდა დავლაგდეთ ყველასთან, მათ შორის „გლობალური ომის პარტიასთანაც“ მას შემდეგ, რაც შეიცვლება ინტერესები. ინტერესები არის დროებითი, ინტერესები იცვლება ვითარების ცვლილებასთან ერთად, მას შემდეგ, რაც დასრულდება ორი არჩევნები, მას შემდეგ, რაც დასრულდება ომი უკრაინაში, ჩვენ ვართ დარწმუნებული, რომ თვისებრივად შეიცვლება ინტერესები ჩვენი ქვეყნის მიმართ და შესაბამისად, გვექნება ურთიერთობების გადატვირთვის საშუალება ყველასთან და ყველაფერთან. ჩვენ ზუსტად ვიცით, რა და როგორ უნდა დავალაგოთ მომავალი წლის დასაწყისიდან“, - განაცხადა კობახიძემ.