მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

უნდა გაირკვეს, შედეგს მოიტანს თუ ფარმაცევტული მაფიის გამდიდრებას - კობახიძე დიუშენის პრეპარატზე

ირაკლი კობახიძე

სახელმწიფოსთვის მთავარი პასუხისმგებლობა ბიუჯეტის რაციონალური ხარჯვა და გადასახადის გადამხდელთა ინტერესების დაცვაა - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტის შეძენასთან დაკავშირებული კითხვის პასუხად განაცხადა.

როგორც კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილება მარტივად მისაღები არ არის და მას კომპლექსური შეფასება სჭირდება.

„ჩვენთვის მარტივი იქნებოდა, რომ აგვეღო ეს 50 მლნ და დაგვეხარჯა, ეს იქნებოდა ყველაზე მარტივი და პოლიტიკურად მოგებიანი გამოსავალი. მაგრამ მეორე მხარეს დგას პასუხისმგებლობა ქართველი ხალხის მიმართ“.

მისივე თქმით, სახელმწიფოს ბიუჯეტი მოქალაქეთა შენატანებით ფორმირდება და სწორედ ამიტომ ხელისუფლება ვალდებულია თანხები მიზნობრივად და ეფექტიანად გამოიყენოს.

„ჩვენ გვაქვს დღეს კონკრეტული პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით. თუ ვინმე სხვა რამეში დაგვარწმუნებს, ყველაფერი შეიძლება მოხდეს. პირველ რიგში ჩვენთვის რა თქმა უნდა საგულისხმოა ნებისმიერი პოზიცია, რომელიც შეიძლება ჰქონდეს ეკლესიას, რომელიც შეიძლება ჰქონდეს პატრიარქს ნებისმიერ თემასთან დაკავშირებით. მზად ვართ კიდევ ერთხელ ვიმსჯელოთ ამ კონკრეტულ თემაზე“, - აღნიშნა მან.

კობახიძემ ასევე განმარტა, რომ საუბარია დაახლოებით 50–60 მილიონი ლარის წლიურ ხარჯზე და ეს თანხა სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობაა : „ეს თანხა, რომელიც არის საუბარი, იქნება 50 მლნ თუ 60 მლნ, ეს არ არის ის თანხა, რომელსაც საკუთარი პერსონალური ჯიბიდან ვიღებთ და გავცემთ. ეს არის ხალხის ფული, გადასახადის გადამხდელთა თანხების ერთობლიობა“, - განაცხადა მან.

კობახიძე ამბობს, რომ მთავრობა ვალდებულია შეაფასოს, რამდენად მოიტანს მსგავსი ხარჯი რეალურ შედეგს და არ გადაიქცევა არაეფექტიან დანახარჯად : „აქ უნდა დაისვას მარტივი შეკითხვა, ეს თანხა შეიძლება დაიხარჯოს რაციონალურად და მოიტანოს სათანადო შედეგი, თუ ამ თანხით შეიძლება გავამდიდროთ ფარმაცევტული მაფია. ამ კითხვას უნდა გაეცეს პასუხი - სად არის აქ ჭეშმარიტება?!“, - აღნიშნა კობახიძემ.

მისი განცხადებით, სახელმწიფოს წარსულშიც ჰქონია შემთხვევები, როდესაც დიდ ფინანსურ რესურსს არ მოუტანია მოსალოდნელი შედეგი.

„იყო საქართველოში შემთხვევები, როდესაც ხელისუფლებამ სცადა იოლი გამოსავლის გზით წასვლა და წლების განმავლობაში ამაში დაიხარჯა ხალხის მრავალი მილიონი, რომელსაც არ მოაქვს ხელშესახები შედეგი. თუ ფარმაცევტული მაფია დაინახავს სახელმწიფოს სისუსტეს, მილიარდ ლარამდეც კი შეიძლება ავიდეს თანხების მოცულობა, რომელიც ხმარდება არა კონკრეტულ შედეგს, არამედ ფარმაცევტული მაფიის გამდიდრებას“, - თქვა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე განცხადებით, მთავრობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ითვალისწინებს დიუშენის დიაგნოზის მქონე ბავშვების ოჯახების პოზიციასაც.

"რა თქმა უნდა, თავიდან ბოლომდე უნდა შევიდეთ მშობლების მდგომარეობაში. აქედან გამომდინარე, იყო კონსულტაციები ჯანდაცვის სამინისტროში მშობლებთან. რა თქმა უნდა, ყველა ფორმატში უნდა გაგრძელდეს კონსულტაციები და კიდევ ერთხელ მზად ვართ კონსულტაციებისთვის, მათ შორის ეკლესიის წარმომადგენლებთან", - განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს 15:00 საათზე, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები პატრიარქს შიო lll-ს შეხვდებიან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები