მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

უნდა გაკეთდეს წინასწარი კვლევა, რა გავლენა ექნება დიდუბის კვანძზე ტრამვაის პროექტს - გელა კვაშილავა

დიდუბის მეტრო

თბილისის მერიამ გამოაცხადა ₾416.5-მილიონიანი საერთაშორისო ტენდერი, რომლითაც დიდი დიღმიდან მეტრო დიდუბემდე ტრამვაის 7.5-კილომეტრიანი ხაზის დაპროექტება და მშენებლობა იგეგმება. პროექტი ასევე მოიცავს ტრამვაის დეპოს მშენებლობას და მის ტექნიკურ აღჭურვას. ტრამვაის ახალ ხაზს 11 გაჩერება უნდა ჰქონდეს.

დიდუბე სატრანსპორტო თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული კვანძია. ამ ტერიტორიაზე თავს იყრის როგორც მუნიციპალური ისე საქალაქთაშორისო ტრანსპორტიც. ექსპერტი საგზაო უსაფრთხოების საკითხებში, გელა კვაშილავა ამბობს, რომ პროექტირებისას ყველა შესაძლო რისკი წინასწარ უნდა იყოს გათვლილი, რომ ახალი სატრანსპორტო საშუალება არსებულ ქსელში მარტივად და ეფექტიანად ინტეგრირდეს. როგორც მან BMG-სთან განაცხადა, განსაკუთრებით შესაფასებელია, რა ეფექტი ექნება ტრამვაის საბოლოო გაჩერებაზე ანუ დიდუბეზე.

“როგორც ცნობილია, თბილისს აქვს უკვე სატრანსპორტო გეგმა, ხანგრძლივვადიანი და იმ გეგმაში ეს მონაკვეთი არის ჩადებული. თუ როგორი ტიპის იქნება, ეს რა თქმა უნდა დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი განაცხადები შემოვა, იმიტომ, რომ თანამედროვე ქალაქებში სხვადასხვა ტიპის ტრამვაის ხაზები არსებობს.

ის უბანი, რომელზეც არის საუბარი, ძალიან დინამიკურად განვითარდა და დღეს ყველამ ვიცით, რომ ზოგადად, ავტომობილების მატების დონეზე, რაც არ უნდა ავტობუსის პარკი გყავდეს, თუ ასეთი გამოყოფილი ხაზი არ იქნა, პრობლემა ვერ გვარდება.

ტრამვაის შემთხვევაში საუბარია ხალხის მასობრივ გადაყვანაზე, მთავარი ის არის, რომ ეს კარგად უნდა ჩაჯდეს ქალაქის მთლიან სატრანსპორტო სქემაში, განსაკუთრებით იმ სატრანსპორტო კვანძებთან, რომელიც ქალაქს აქვს.

დიდუბე არის სატრანსპორტო ჰაბი. მნიშვნელოვანია ამ პროცესში, იგივე უცხოელი ექსპერტების ჩართვა, რომ წინასწარ იყოს გამოკვლეული, თუ რა გავლენა ექნება დიდუბეზე ამ პროექტს. ეს უნდა გაკეთდეს იმიტომ რომ შეცდომა არ დავუშვათ და რისკების თავიდან აცილება მოხდეს,”- ამბობს ექსპერტი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები