მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

უნდა განიხილოს თუ არა მთავრობამ საწვავზე აქციზის შემცირება - "სენტა პეტროლიუმ ჯორჯიას" შეფასება

საწვავი ბენზინი

უნდა შეფასდეს ბიუჯეტის მონაცემები და წარმოშობილი პრობლემა, რომელიც ამ გეოპოლიტიკური სიტუაციიდან შეიქმნა - ასე პასუხობს „სენტა პეტროლიუმ ჯორჯიას“ გენერალური დირექტორი კითხვას იმის შესახებ, უნდა განიხილოს თუ არა მთავრობამ საწვავზე აქციზის შემცირება.

საქმე ისაა, რომ მსოფლიოში ნავთობის ფასების რეკორდული ზრდის ფონზე, საქართველოში საწვავის გაძვირება გრძელდება. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, ბენზინის ფასი კიდევ 5-20 თეთრით, დიზელის კი 15-32 თეთრით გაიზარდა.

როგორც ზაალ იაკობიძემ „საქმის კურსის“ ეთერში განაცხადა, თუკი აქციზის გადასახადი შემცირდება, ამას საწვავის თვითღირებულებაზე და შესაბამისად, ფასზე დადებითი გავლენა ექნება. თუმცა მისივე თქმით, აქციზის წილი ნავთობპროდუქტების საბოლოო ღირებულებაში ძალიან მაღალი არაა.

„ეს საკითხი, რა თქმა უნდა, უშუალოდ მთავრობის გადასაწყვეტია. რაც შეეხება იმას, მოახდენს თუ არა გავლენას [აქციზის შემცირება] და ამის შედეგად შემცირდება თუ არა საქონლის თვითღირებულება და შესაბამისად, გასაყიდი ფასი - ორი აზრი არ არის. მარტივი მიდგომაა, როდესაც შემცირდება ან გაუქმდება აქციზი, ბუნებრივია საწვავის თვითღირებულება იაფდება და ეს ამ მძიმე პერიოდში შვება იქნება. რაღაც გავლენას ეს მოახდენს, მაგრამ განსაკუთრებულს [არა]. იმიტომ რომ მაგალითად, როდესაც 1400 დოლარი ღირს საწვავი [ტონა], შემდეგ ამას ტრანსპორტირება ემატება, მერე აქციზი და დღგ, აქციზის ხვედრითი წილი ამაში არის დაახლოებით 150-170 დოლარამდე. ეს კი მოახდენს გავლენას, მაგრამ არა ისეთ ხელშესახებს.

აქ საუბარი გვაქვს უკვე ბიუჯეტთან მიმართებაში როგორი შესაძლებლობაა. პრობლემა ნამდვილად არის, შეიძლება კიდევ უფრო გაიზარდოს საწვავის ფასები და შესაბამისად, პრობლემაც იზრდება. ბუნებრივია, ერთი არის საწვავის ფასები და მეორე - საწვავთან მიმართებაში - ყველაფერი დანარჩენი. ერთადერთი შემამსუბუქებელი მომენტი ის არის, რომ ლარის კურსი მყარია ახლა. წარმოვიდგინოთ რომ ლარის კურსი ასევე გაუფასურებულიყო - კიდევ უფრო მეტად თვალსაჩინო იქნებოდა [საწვავის გაძვირება]. რა თქმა უნდა, ეს [აქციზის შემცირება] დაეხმარება ფასების რეგულირებას, მაგრამ ისეთი მომენტია, რომელიც ყოველმხრივ უნდა იყოს შეჯერებული, ანუ ბიუჯეტის მონაცემები და შესაძლებლობა, მეორე მხრივ, წარმოშობილი პრობლემა, რომელიც ამ გეოპოლიტიკური სიტუაციიდან შეიქმნა“, - განაცხადა ზაალ იაკობიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები