მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„უნდა იყოს მეტი ანგარიშვალდებულება, რათა მოქალაქეებმა იცოდნენ, როგორ მუშაობს მთავრობა“

61fe92b048bb2
ვიქტორია მღებრიშვილი
05.02.22 19:02
818
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, ძლიერი, ჯანმრთელი დემოკრატიები არასდროს წყვეტენ განვითარებას და დახვეწას. ამის შესახებ მან „ამერიკის ხმის“ ჟურნალისტთან ინტერვიუში საქართველოში დემოკრატიული პროცესების შეფასებისას განაცხადა.

ის თვლის, რომ ამ მიმართულებით საქართველოს გარკვეული მიღწევები აქვს, თუმცა განვითარება უნდა გაგრძელდეს.

„ჩვენ საკუთარი დემოკრატიის დახვეწაზე 245 წელია ვმუშაობთ და ჯერ ისევ გვაქვს საქმე გასაკათებელი. საქართველომ ბოლო 30 წლის განმავლობაში დიდ პროგრესს მიაღწია. ისტორიას, რომ გადავხედოთ ვნახავთ, ძალიან რთული პერიოდები იყო. ეს ძალიან დასაფასებელია, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ გასაკეთებელი არაფერია. ქართველები პირველები აღიარებენ იმას, რომ პროცესი უნდა გაგრძელდეს.

უნდა იყოს მეტი ანგარიშვალდებულება, მეტი გამჭირვალობა, იმისთვის, რომ მოქალაქეებმა იცოდნენ როგორ მუშაობს მათი მთავრობა, როგორი სახის მხარდაჭერას უწევს მოქალაქეებს, როგორ ცდილობს მთავრობა ქვეყნის ეკონომიკის გაუმჯობესებას. უნდა არსებობდეს უფრო მეტად მრავალფეროვანი პროცესი.
საქართველო მრავალფეროვა ქვეყანაა, მაგრამ ყველას ხმა ყოველთვის არ ისმის, განსაკუთრები რეგიონებში. ვფიქრობ, ის პრინციპები, რომელიც ბოლო 20-25 წლის განმავლობაში ჩამოყალიბდა ახლა უნდა აღსრულდეს და უნდა მოხდეს კანონის დამოუკიდებელი აღსრულება. კარგად ჩანს ის თუ სად არის მომავლის გზა. ახლა მოძრაობაა საჭირო“, - განაცხადა კელი დეგნანმა.

აშშ-ის ელჩმა საქართველოში იმაზეც ისაუბრა, რატომ წარმოადგენს საქართველო ამერიკის სტრატეგიულ პარტნიორს.

„იმიტომ, რომ ბევრი საერთო გვაქვს. ყველაზე ფუნდამენტურით დავიწყებდი ჩვენი საერთო ღირებულებებით, ორივე ქვეყანას ღრმად სწამს თავისუფლების, დამოუკიდებლობის, ადამიანის უფლებების და ღირსების დაცვის. ჩვენ ორივე ძალიან მრავალფეროვანი კულტურები ვართ. შეერთებული შტატები ასევე აცნობიერებს იმ ეკონომიკურ პოტენციალს, რომელიც საქართველოს ამ რეგიონში აქვს. ხედვა, რომელიც საქართველოს აქვს იყოს დამაკავშირებელი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის უკიდურესად მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ეს ერთადერთი მარშრუტია, რომელიც რუსეთზე, ან ირანზე არ გადის. რეგიონში დემოკრატიული ქვეყნის ქონა, რომელიც სტაბილური და პროგნოზირებადია, კომერციული ტვირთების ცენტრალური აზიიდან ევროპაში გადასაზიდად ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, იმ როლის გამოც, რომელსაც საქართველო შავი ზღვის უსაფრთხოებაში თამაშობს. ამ მხრივ საქართველოს როლი იზრდება რადგან იზრდება ქვეყნის შესაძლებლობებიც.

ფართო უსაფრთხოების როლთან ერთად საქართველოს მნიშვნელოვანი სამართალდამცავი როლიც აქვს. რუსეთს სურს შავი ზღვის საკუთარი უკანა ეზოს ზღვად აქციოს და ყველაფერი აკონტროლოს, რაც შედის და გადის შავ ზღვაში. საქართველო უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს, რომ შავი ზღვა საერთაშორისო ზღვად დარჩეს, რომელიც ყველა ჩვენი ქვეყნის გემისთვის გახსნილი იქნება“, - განაცხადა აშშ-ის ელჩმა საქართველოში.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები