განათლების რეფორმა არის ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული ამოცანა, უნდა ვაღიაროთ, რომ ეს არის ის მიმართულება, სადაც ყველაზე ნაკლები გაკეთდა გასული 13 წლის განმავლობაში და ეს გვაკისრებს კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას, რომ მაქსიმალურად ვიზრუნოთ უმაღლესი განათლების რეფორმის გატარებაზე, - ამის შესახებ "ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, როდესაც არის საკითხები, გამოწვევები, გადაჭრის გზები, მნიშვნელოვანია თითოეული საკითხის სიღრმისეულად განხილვა.
„მე მგონია, რომ ისეთივე წარმატებით გავატარებთ ამ რეფორმას, როგორც წარმატებით პირადად მე უზრუნველვყავი 7 არჩევნების მოგება, როგორც შტაბის ხელმძღვანელმა. ამიტომ ვფიქრობ, რომ ზოგადი განცხადებების ნაცვლად, მომავალში მნიშვნელოვანია, სიღრმისეულად ვიმსჯელოთ ხოლმე ყველა თემაზე. როდესაც არის საკითხები, გამოწვევები, გადაჭრის გზები, მნიშვნელოვანია, რომ თითოეული საკითხი სიღრმისეულად განვიხილოთ. ჩვენი მხრიდან მომავალშიც იქნება სრული მზაობა ამისათვის და იმედი მაქვს, რომ შემდეგი ინტერპელაციები, განხილვები, ანგარიშის მოსმენები წარიმართება სწორედ ასეთ ფორმატში. კიდევ ერთხელ გამოვთქვამ რწმენას, რომ განათლების რეფორმა წარმატებით განხორციელდება. მადლობა განათლების მინისტრს ჩვენი ინიციატივის მხარდაჭერისთვის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ცნობისთვის, პარლამენტმა ირაკლი კობახიძეს ინტერპელაციის ფორმატში დღეს მოუსმინა. კობახიძე პლენარულ სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“-ს მოწვევით მივიდა. ინტერპელაციის განმავლობაში მას ორი თემაზე დაუსვეს შეკითხვები: უმაღლესი განათლების მიმართულებით მთავრობის მიერ დაგეგმილ რეფორმაზე და „Eagle Hills“-ის ურბანულ პროექტთან დაკავშირებულ საკითხებზე.




























