ჩინეთისა და საქართველოს მთავრობების ერთობლივი განცხადებით ირკვევა, რომ ჩინეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის დროს, მხარეებმა გადაწყვიტეს, ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები სტრატეგიული პარტნიორობის ხარისხში აიყვანონ.
განცხადების თანახმად, მხარეები იზიარებენ, რომ ორმხრივი თანამშრომლობა ნაყოფიერია სხვადასხვა მიმართულებით, ხოლო საერთაშორისო და რეგიონალური ვითარების ინტენსიური და კომპლექსური განვითარების ფონზე, მხარეები იზიარებენ ვალდებულებას გააფართოონ თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროებში.
საქართველოსა და ჩინეთს შორის გაფორმებული შეთანხმება ოთხ განზომილებას გულისხმობს, ესენია: პოლიტიკა, ეკონომიკა, კულტურა და საერთაშორისო ურთიერთობები.
ჩინეთ-საქართველოს ამ ურთიერთობებზე, არაერთმა საკითხში ჩახედულმა ადამიანმა ისაუბრა, რომლებიც განმარტავდნენ, რომ ჩინეთის და საქართველოს ინტერესების თანხვედრა გაუგებარია.
მაგალითად, საქართველოს ყოფილმა ელჩმა ჩინეთში მამუკა გამყრელიძემ BMGtv-ის გადაცემაში ‘ანალიტიკა’ განაცხადა, რომ გაუგებარია, როგორ უნდა მოვიდეს თანხვედრაში ჩინური განვითარების წესი და საქართველოს დემოკრატია, რადგან ჩინეთი ყველაფერთან ერთად ნატო-ს გაფართოების წინააღმდეგია.
იმავე გადაცემაში, ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს" ვიცეპრეზიდენტმა, გია ჯანდიერმა ჩინეთზე, როგორც დიქტატორულ სახელმწიფოზე ისაუბრა და განმარტა, რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის.
„რომ ვამბობთ, რომ ჩინეთი დიქტატორული ქვეყანაა, ადამიანებმა უნდა გაიგონ ეს რას ნიშნავს, - ეს იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი ბიზნესი ჩინელებთან და ჩინეთში ან ჩინელების საქართველოში, არის ძირითადად პოლიტიკური ბიზნესი და პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე მიბმული ბიზნესი. ისევე, როგორც რუსეთს შეუძლია ნებისმიერ დროს გადაგვიკეტოს ბაზარი, იგივე შეიძლება მოხდეს ჩინელებთან.
რატომ ვენდობით ამერიკას? - იმიტომ რომ ასეთი სისტემა აქვს სასამართლო თავის ადგილზეა, სადაც ხელისუფლების შტოები ერთმანეთს აბალანსებენ და აკონტროლებენ რომელიც ძალიან განსხვავდება ჩინეთისაგან.
ვაჭრობაც ძალიან სახიფათოა ჩინეთთან და ისევე შეიძლება მახეში გავებათ, როგორც რუსეთთან და თუ ჩვენ გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, ეს უნდა იყოს მთლიანად დაცლილი პოლიტიკისგან -ჩვენი მოთხოვნა უნდა იყოს - გინდათ, იყიდეთ, არ გინდათ ნუ იყიდით.
რატომ მოხვდა ამდენი ქვეყანა ამ მახეში? - ჩემი აზრით იმიტომ, რომ შესუსტებული ეკონომიკური პოზიციები ჰქონდა მთავრობას და მათთვის მაშველი რგოლივით აღმოჩნდა ჩინური კრედიტები, რომელიც საერთაშორისო კრედიტებისგან იმით განსხვავდება, რომ უპირობო კრედიტებია.
მაგალითად სავალუტო ფონდისგან რომ კრედიტი აიღო ან მსოფლიო ბანკისგან პირობები უნდა შეასრულო, თუ ვერ ასრულებ გეტყვიან, რომ ჯერ შენ ფისკალურ და მონეტარულ სისტემას მიხედე და მერე ვილაპარაკოთ“, - განაცხადა მან.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა ჩინეთში ყოფნისას თქვა, რომ სი ძინპინი ბრძენი ადამიანია და სრულად უჭერს მხარს მის ინიციატივებს. მან ასევე განაცხადა, რომ
თავისუფლად შეიძლება ჩინეთი საქართველოსთვის პირველი სავაჭრო პარტნიორი გახდეს.

























