მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

უნდა ვიცოდეთ, რისთვის ვაგროვებთ ფულს. რას ვმკურნალობთ [ღვინოზე ნიშანდებით]?! - მოსაზრება

გია პირადაშვილი

"უნდა ვიცოდეთ, რისთვის ვაგროვებთ ფულს. რას ვმკურნალობთ?!.. გაურკვეველი მიზნით უნდა შევკრიბოთ ფული და მერე გადავწყვიტოთ, რაში უნდა დავხარჯოთ?!" - ამ კითხვებს ღვინის მწარმოებელი კომპანია “შატო მერე ვაინსის” თანამფლობელი გია პირადაშვილი სვამს.

ბიზნესმენის კითხვები სერტიფიცირებული ალკოჰოლიანი სასმელების სავალდებულო ნიშანდებას შეეხება, რომელიც 2027 წელიდან ამოქმედდება და ფასიანი იქნება [დაახლოებით, 10 თეთრი ბოთლზე]. ღვინის სექტორის ნაწილმა ამ გადასახადს უკვე შეარქვა „ღვინის აქციზი“. ღვინის ეროვნული სააგენტო ახალი მოსაკრებლიდან, წლიურად, 14-დან 16 მილიონ ლარამდე შემოსავალს ელოდება. ნიშანდება ბოთლზე ან ეტიკეტზე სააგენტოს მიერ სპეციალური QR კოდის დატანას გულისხმობს. „ნიშანდება უზრუნველყოფს წარმოებული ღვინის სრულ მიკვლევადობას და, შესაბამისად, ხელს უწყობს ფალსიფიკაციასთან და შეუსაბამობებთან ბრძოლას. ნიშანდების მიზანია, რომ მომხმარებელმა ზუსტად იცოდეს რა ღვინოსთან აქვს საქმე”, - აცხადებს ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე.

ლევან მეხუზლას არგუმენტები ნაკლებად დამაჯერებელია გია პირადაშვილისთვის, რომელიც მიიჩნევს, რომ მიკვლევადობის უზრუნველყოფა სხვა გზებითაც არის შესაძლებელი და თან - უფრო იაფად.

დარწმუნებული ვარ, კარგად არ აქვთ ეს ყველაფერი გააზრებული. თემა კარგად არ არის დისკუსირებული”, - თქვა გია პირადაშვილმა “წერტილთან” ინტერვიუში.

ინტერვიუ გია პირადაშვილთან

- მეღვინეების ნაწილმა ახალ რეგულაციას „ღვინის აქციზი“ შეარქვა. ღვინის სააგენტო კი ამბობს, რომ ეს ფალსიფიკაციასთან ბრძოლისთვისაა საჭირო. თქვენ რომელ ბანაკში ხართ – იზიარებთ მათ არგუმენტებს თუ ფიქრობთ, რომ ეს მაინც დამატებითი გადასახადია?

- მე ამას სახელს საერთოდ არ დავარქმევ - არც აქციზს და არც სხვას. თუმცა, ერთ რამეში ვერ გავერკვიეთ. თავიდან გვითხრეს, რომ ეს მიკვლევადობისთვის კეთდებოდა. გასაგებია, მაგრამ მიკვლევადობის უზრუნველყოფა უფასოდაც შეგვიძლია. მეორეც – თავიდან აგვიხსნეს, რომ ეს თანხა ღვინის მარკეტინგს მოხმარდებოდა. მარკეტინგი ძალიან გვჭირდება როგორც ქვეყნის გარეთ, ისე შიგნით. ტურისტული ქვეყანა ვართ და ეს ბიზნესი კიდევ უფრო უნდა განვავითაროთ. ამას დიდი ფინანსური რესურსი სჭირდება, თუმცა ახლა თუ მხოლოდ მიკვლევადობაზეა საუბარი, ეს სულ სხვა მიმართულებაა… საერთოდ, ნებისმიერი რეგულაცია ბიზნესს აფერხებს – ეს აქსიომაა. ბიზნესი რეგულაციებს არ ითხოვს. ნაკლები ბარიერებისა და თავისუფალი ბაზრის პირობებში ყველაფერი უკეთ ვითარდება. ეს არის ეკონომიკის საფუძველი.

- თუმცა ბაზისური რეგულაციები, მაგალითად სერტიფიცირება, ღვინის სექტორში ახლაც არის. თქვენ ამბობთ, რომ მიკვლევადობა სხვა გზითაც მიიღწევა... ეჭვი გეპარებათ ამ გადაწყვეტილების მიზანში?

- ეჭვი კი არ მეპარება, უბრალოდ დარწმუნებული ვარ, რომ საკითხი კარგად არ აქვთ გააზრებული. თემა დარგთან ერთად არ განუხილავთ. ყველაფერს სჭირდება საფუძვლიანი ანალიზი სპეციალისტების გამოცდილებაზე დაყრდნობით. შეიძლება, ბევრად უკეთესი ფორმა გამოვნახოთ. მაგალითად, გადასახადი ყოფილიყო დიფერენცირებული; როცა ადმინისტრირების რესურსი არ გაქვს და ყველას ერთ ჭურჭელში აქცევ, ეს კარგ რეზონანსს არ გამოიწვევს. სწორედ ამიტომ ჩნდება შეთქმულების თეორიები და ამიტომ უწოდებენ ამას „აქციზს“ - მე ამასაც ვეთანხმები. გაურკვეველი მიზნით უნდა შევაგროვოთ ფული და მერე გადავწყვიტოთ, რაში დავხარჯოთ?! ხომ სჯობს, ჯერ კარგად დავგეგმოთ?! თუნდაც ნახევარი წელი. ჩვენი წინადადებებით მივიდოდით და ერთად ჩამოვყალიბდებოდით: რომელი ბაზარი განვავითაროთ, რა ტიპის რეკლამა გვჭირდება ან საერთოდ გვჭირდება თუ არა. ეს 15-16 მილიონი ლარი, რაც სადღაც 3-4 მილიონი დოლარია, შეიძლება არც ეყოს იმ საქმეს, რასაც გვპირდებიან. დიაგნოზი ხომ უნდა დასვა, რომ რაღაცას უმკურნალო? უნდა ვიცოდეთ, რისთვის ვაგროვებთ ფულს.

- სამინისტრო ამბობს, რომ მთავარი ამოცანა ხარისხის გაზრდა და ფალსიფიკაციასთან ბრძოლაა. თქვენი აზრით, ეს ნიშანდების გარეშე როგორ გაკეთდებოდა?

- ამისთვის ნიშანდება საერთოდ არ არის საჭირო. ჩვენ ყველა ღვინოზე გვაქვს ლოტის ნომერი, რომელიც სრულ ინფორმაციას მოიცავს. ნებისმიერს შეუძლია ამ ნომრით ნახოს საგამოცდო აქტები და ლაბორატორიული დოკუმენტები.

- ანუ ეს ინფორმაცია მომხმარებლისთვის ახლაც ხელმისაწვდომია? შეუძლია გაიგოს, რა წლის ან რა ჯიშის ღვინოს სვამს?

- რა თქმა უნდა. ბაზები ღიაა და ყველას შეუძლია ნახვა. მესმის, QR კოდი უფრო მარტივია – ტელეფონით იქვე აკონტროლებ ყველაფერს. თუმცა, ეს 10 თეთრი არ უნდა ღირდეს. უბრალოდ უნდა ვიცოდეთ, რას ვმკურნალობთ და რისთვის ვაგროვებთ ფულს.

- ღვინის სააგენტო ამბობს, რომ მიზანი ღვინის ხარისხის გაზრდაა. არ გჯერათ?

- ხარისხის გაზრდაზე დღეს ყველა მეღვინე თავად არის ორიენტირებული, რადგან ბაზარზე დიდი კონკურენციაა. ამაში მათი დახმარება არ გვჭირდება. ჩვენ გვჭირდება ეფექტიანი კონტროლი: შერჩევითად შეამოწმონ ღვინოები მაღაზიებში, რესტორნებსა და მარნებში. ამას 16 მილიონი ლარი არ სჭირდება, ბევრად იაფი ჯდება. თუ ეს ფული მაინც უნდა აიკრიფოს, გადასახადი დიფერენცირებული უნდა იყოს. რატომ უნდა გადაიხადოს მცირე მარანმა, რომელიც სულ 2000 ბოთლს აწარმოებს, იგივე? რატომ უნდა მიიტანოს ღვინო დამატებით შემოწმებაზე, რომელსაც ერთ წელში ვადა გასდის? ბოლომდე გარკვეული არ ვართ. სჯობს, ჯერ სწორი კითხვები დავსვათ, მართალი პასუხები მივიღოთ და გადასახადების აკრეფა მერე დავიწყოთ.

- ცუდია, რომ ბიზნესს ამდენი კითხვა გაქვთ... სამწუხაროდ, ვერც მინისტრი დავით სონღულაშვილი და ვერც ლევან მეხუზლა BMG-ის ეთერებში არ მოდიან. „შატო მერეს“ მაგალითზე რომ გვითხრათ, რამდენით გეზრდებათ ხარჯი ახალი წესით?

- მცირე მწარმოებლისთვის ეს თანხა პროდუქციის ფასზე დიდ გავლენას არ მოახდენს. წელს, ჯამში, ორ ბრენდში („ჯანიანი“ და „შატო მერე“) 65 000 ლიტრი ღვინო გვაქვს. მომავალ წელს 75 000 ლიტრამდე ანუ დაახლოებით, 100 000 ბოთლამდე ავალთ - ეს დამოკიდებულია წლევანდელ მოსავალზეც. ეს ნიშნავს, რომ ხარჯი 10 000 ლარით გაგვეზრდება. ჩვენ 20 000 ლარის გადასახდელადაც მზად ვართ, მთავარია ვიცოდეთ, რაში იხარჯება ეს ფული. თუ სწორ მარკეტინგში წავა, თანახმა ვართ.

- გულწრფელად რომ ეთქვათ – ბიუჯეტში ფული არ გვყოფნის და მარკეტინგისთვის დაგვიმატეთო, ეს ფორმა გერჩივნათ?

- რა თქმა უნდა. რატომაც არა? სირცხვილია? რაღაც საკითხებში ერთმანეთს მხარში უნდა დავუდგეთ. ძალიან სამწუხაროა, რომ სამინისტროს წარმომადგენლები თქვენთან გადაცემაში არ მოდიან. ჩემი მოსაზრებები მიუხედავად, მე თუ მივდივარ სხვა [ტელევიზიებში], ისინიც უნდა მოვიდნენ, აქ საშიში არაფერია… სამწუხაროდ, ერთმანეთში ურევენ პოლიტიკას და დარგის განვითარებას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები