"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" იურისტის, სანდრო ბარამიძის შეფასებით, "ქართული ოცნების" მიერ ბოლო პერიოდში დაანონსებული საკანონმდებლო ცვლილებები და რეფორმები ბაზარზე მონოპოლიის ჩამოყალიბებასა და თავისუფლების შეზღუდვას ისახავს მიზნად.
ამ თემაზე საუბრისას, BMGTV-ის "ანალიტიკას" ეთერში ბარამიძემ განათლების რეფორმა და ე.წ. "ფასების კომისია" მოიყვანა მაგალითად.
"ეს არის მცდელობა, რომ დიქტატურიდან, რომელიც უკვე დამყარებულია ამ ქვეყანაში, მმართველობის სტილი ახლა უკვე ტოტალიტარულში გადაიზარდოს. იგივე განათლების მიმართულებით განხორციელებული ამ ეგრეთ წოდებული რეფორმით, სინამდვილეში დეფორით, მეტ-ნაკლებად ლიბერალური განათლების სისტემა, რომელიც დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ჩამოყალიბდა, ახლა კვლავ სახელმწიფოს დიქტატის ქვეშ არსებულ განათლების სისტემად უნდა გარდაიქმნას, სადაც კურიკულუმი, სახელმძღვანელო, ლექტორი თუ ვინ უნდა იყოს უმაღლეს სასწავლებელში მიღებული, ყველაფერი უნდა გადაწყვიტოს ვიღაცამ - ანუ ვისაც ძალაუფლება უპყრია ხელთ.
მოვისმინე, ჯანდაცვის მინისტრმა თქვა, ვერცერთ უცხო ქვეყანაში ვერ ნახავთო, რომ სხვადასხვა ბრენდის აფთიაქები გვერდიგვერდ იყოსო. რაღაც მენიშნა ეს ამბავი, შესაძლოა ფარმაცევტულ ბიზნესშიც ჩამოყალიბდეს ვიღაცის მონოპოლია, რომელიც მიბმული იქნება სახელმწიფოსთან, და ეს სხვადასხვა ბრენდი გაქრეს უბრალოდ, დარჩეს ერთი. აი ეს დამოკიდებულება არის ყველგან და ყველაფერში. მათ უნდათ მონოპოლიები, რომელსაც მართავენ თვითონ. ეს არ არის არავითარი თავისუფალი ბაზარი, ეს არის სახელმწიფო კაპიტალიზმის პერვერსიული მოდელი - შეიძლება ჩინური, შეიძლება რუსული, შეიძლება "ქოცური" უბრალოდ, არ ვიცი, ამ კლასიფიკაციის თაობაზე ვერაფერს გეტყვით და არც აქვს ამას მნიშვნელობა. ფაქტია, რომ ყველა მიმართულებით ისპობა თავისუფლება და, მათ შორის, ბიზნესის მიმართულებითაც", - ამბობს სანდრო ბარამიძე.
იურისტის შეფასებით, სწორედ ამ თავისუფლების შეზღუდვას ემსახურება "ოცნების" მორიგი საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც "იურიდიული დახმარების სამსახურის შესახებ" კანონში შედის - იცვლება ამ ორგანოს ხელმძღვანელობის დანიშვნის წესი და ის პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში გადადის.
"იმისთვის, რომ ეს ყველაფერი აკონტროლო, გჭირდება სისხლის სამართალი. ჩვეულებრივი ადმინისტრირება აქ არ გამოვა, აქ უბრალოდ უნდა დააშინო ადამიანები, ვიღაცები საერთოდ ციხეში უნდა ჩაყარო იმისათვის, რომ დანარჩენებს შეეშინდეთ. აქედან გამომდინარე, არა მარტო სისხლის მატერიალური სამართალი გაუარესდება ამ ქვეყანაში, არამედ უბრალოდ გამოხატვის თავისუფლების კრიმინალიზაცია მოხდა, ამას სხვა არაფერი არ ჰქვია. დაგიჭერენ თუ არა, ეს მათ არჩევანზეა დამოკიდებული. გარდა ამისა, დარწმუნებული ვარ, რომ ის მეტ-ნაკლებად ნორმალური სისხლის საპროცესო კანონმდებლობა, რომელიც ასე თუ ისე გაგვაჩნია ამ წუთში, მოისპობა.
სპობენ იურიდიული დახმარების სამსახურის დამოუკიდებლობას. შეიქმნა მართლა დამოუკიდებელი იურიდიული დახმარების სამსახური, სადაც თვითონ ადვოკატები წყვეტდნენ ამ ორგანიზაციის მუშაობის წესს - ახლა ეს ყველაფერი იცვლება. რაში სჭირდებათ? ყველა საქმეში ალბათ არა, მაგრამ სენსიტიურ საქმეებში, პირის მიერ არჩეული დამცველი, რაღაცა მოტივით, რაღაცა საბაბით განიდევნება პროცესიდან, მოიყვანენ სახაზინო ადვოკატს, რომელიც იქნება მთლიანად მორჩილი. ანუ სახელმწიფო ჩინოვნიკმა უნდა შექმნას სამეთვალყურეო საბჭო ამ სამსახურში და მანვე უნდა შეარჩიოს ამა თუ იმ საქმეში ვინ იქნება გამწესებული და ვინ - არა. ამისთვის სჭირდებათ ეს ყველაფერი და სავარაუდოდ, სისხლის საპროცესო კანონმდებლობასაც მოსპობენ. არაა გამორიცხული, საერთოდ მაგალითად უდანაშაულობის პრეზუმფციის ინსტიტუტი მოსპონ", - განაცხადა სანდრო ბარამიძემ.
"იურიდიული დახმარების შესახებ" კანონში ცვლილების პაკეტი პარლამენტში უკვე დარეგისტრირდა. დოკუმენტის მიხედვით, იურიდიული დახმარების სამსახური ანგარიშვალდებული ხდება პრემიერ-მინისტრის წინაშე, განსხვავებით დღეს მოქმედი კანონისა, რომელშიც აღნიშნულია, რომ იურიდიული სამსახური არ ექვემდებარება არცერთ სახელმწიფო ორგანოს და ანგარიშვალდებულია მხოლოდ პარლამენტის წინაშე.



























