სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ქუთაისში აგროქიმიკატების არარეგისტრირებული სარეალიზაციო ობიექტი გამოავლინა, რის გამოც ინდივიდუალური მეწარმე დააჯარიმა და საწარმოო პროცესი შეუჩერა.
სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორების მიერ ჩატარებული შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ინდივიდუალური მეწარმე ე. ყ. (მისამართი: ქუთაისი, ნიკეას მე-2 შესახვევი) ბიზნესსაქმიანობას ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სეს-ის სავალდებულო აღიარების გარეშე ეწეოდა.
სურსათის ეროვნული სააგენტო განმარტავს, რომ მოქმედი კანონმდებლობით, სპეციალიზებული ობიექტის ფუნქციონირებისათვის აუცილებელია უწყების მიერ დადგენილი წესით აღიარება, რაც სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნებისა და უსაფრთხოების წესების სრულად დაკმაყოფილებას გულისხმობს.
უწყების ცნობით, ფერმერების ინტერესების დაცვისა და ბაზარზე ხარისხიანი პესტიციდების განთავსების მიზნით, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების აქტიურ კონტროლს მომავალშიც გააგრძელებს.




























