მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

UNESCO-მ საქართველოს ორ დაცულ ტერიტორიას ბიოსფერული რეზერვატების სტატუსი მიანიჭა

62a9f037f36a2
BM.GE
15.06.22 19:16
756
UNESCO-მ "დედოფლისწყაროს ბიოსფერული რეზერვატი’’ (თუშეთი) და "სამი ალაზნის ბიოსფერული რეზერვატი’’ (დედოფლისწყარო) აღიარა და ბიოსფერული რეზერვატების საერთაშორისო ნუსხაში შეიტანა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, გადაწყვეტილება ქ. პარიზში, UNESCO-ს „ადამიანი და ბიოსფეროს“ საერთაშორისო საკოორდინაციო საბჭოს 34-ე სესიის ფარგლებში მიიღეს. UNESCO-ს „ადამიანი და ბიოსფეროს“ პროგრამის სამდივნომ საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი ნომინაცია შენიშვნების გარეშე დააკმაყოფილა.

აღსანიშნავია, რომ ბიოსფერული რეზერვატის სტატუსი სამხრეთ კავკასიის რეგიონში, დღევანდელ დღემდე, არცერთ ტერიტორიას არ ჰქონდა. "დედოფლისწყაროს ბიოსფერული რეზერვატი’’ და "სამი ალაზნის ბიოსფერული რეზერვატი“ წარმოადგენს პირველ პრეცედენტს რეგიონის მასშტაბით.

პარიზში გამართულ საბჭოს სხდომას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი და დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე თამარ ხახიშვილი ესწრებოდნენ.

„ბიოსფერული რეზერვატი არის ინსტრუმენტი, რომელიც გამოიყენება ბუნების კონსერვაციისა და მდგრადი მიწათსარგებლობის ერთიანი პრაქტიკის დასანერგად. ბიოსფერული რეზერვატი ხელს უწყობს მდგრად რეგიონულ განვითარებას და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას, ასრულებს მნიშვნელოვან როლს კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციისა და შერბილების კუთხით. იზრდება დაინტერესება ორგანული პროდუქციის წარმოების კუთხით, რაც პირდაპირ კავშირშია მდგრად ეკონომიკურ განვითარებასთან. აღნიშნულის გათვალისწინებით, ბიოსფერული რეზერვატის შექმნა ეკონომიკური და ტურისტული პოტენციალის გაზრდის დიდ შესაძლებლობას იძლევა.

საქართველოში ბიოსფერული რეზერვატის დაარსების და განვითარების პოტენციალის შესწავლა 2015 წლიდან მიმდინარეობდა. პრიორიტეტი მიენიჭა კახეთის რეგიონს, რომელიც ყველაზე მეტად შეესაბამებოდა ბიოსფერული რეზერვატის განვითარებისათვის განსაზღვრულ კრიტერიუმებს“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აღსანიშნია, რომ UNESCO-ში წარსადგენად ნომინაციების მომზადება გერმანიისა მთავრობის, ზუკოვის ფონდის, GIZ-ის და ევროკავშირის ფინანსური ხელშეწყობით, კავკასიის რეგიონულ გარემოსდაცვით ცენტრთან (REC Caucasus) თანამშრომლობით განხორციელდა. 2021 წლის დეკემბერში კი "დედოფლისწყაროს ბიოსფერული რეზერვატისა’’ და "სამი ალაზნის ბიოსფერული რეზერვატის’’ სრული დოკუმენტაცია, საქართველოს მთავრობის სახელით, UNESCO-ს „ადამიანი და ბიოსფეროს“ სამდივნოში გაიგზავნა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები