UNFPA-მა და “თეგეტა ჰოლდინგმა" ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
BM.GE
14.07.22 08:44
• 293
გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისსა და „თეგეტა ჰოლდინგს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის თანახმად, მხარეები თანხმდებიან, სამუშაო ადგილზე ოჯახზე ორიენტირებული და გენდერულად სენსიტიური პოლიტიკის დანერგვის მიმართულებით ითანამშრომლონ, რაც ქალების ეკონომიკურ მონაწილეობას და გაძლიერებას, შრომით ბაზარზე მათი პოტენციალის რეალიზების ხელშეწყობას და ზოგადად, პასუხისმგებლიანი მშობლობის ინსტიტუტის ხელშეწყობას ემსახურება. ასევე, მემორანდუმის ფარგლებში, „თეგეტა“ კამპანიას „კაცები ზრუნავენ“ მხარს დაუჭერს, რომელიც გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ინიციატივით, 2016 წლიდან ხორციელდება და მიზნად ისახავს კაცების, როგორც მზრუნველი და თანასწორი პარტნიორებისა და მამების ჩართულობის გაზრდას გენდერული თანასწორობის მიღწევის პროცესში. პრიორიტეტს ასევე წარმოადგენს მოზარდი გოგოების გაძლიერება ინფორმირებულობის გაზრდისა და ახალი შესაძლებლობების გაჩენის გზით. გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისსა და „თეგეტა ჰოლდინგს“ შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების განხორციელება 2022 წლის ივლისიდან დაიწყება.