საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, უნგრეთი ევროკავშირის მიერ ბლოკის წევრი ქვეყნებისთვის უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის დახარჯული თანხების ანაზღაურებას მანამდე დაბლოკავს, ვიდრე კიევი რუსეთიდან “ლუკოილის” ნავთობის საკუთარ ტერიტორიაზე გამავალ მილსადენში გატარებას დაუშვებს.
სლოვაკეთსა და უნგრეთში აცხადებენ, რომ ძირითადი მომწოდებლისგან, „ლუკოილისგან“ ნავთობს ვეღარ იღებენ. როგორც Reuters-ი წერს, ეს მას შემდეგ მოხდა, რაც უკრაინამ გასულ თვეში რუსული ენერგოკომპანიების პროდუქციის საკუთარი ქვეყნის გავლით ტრანზიტი აკრძალა.
“ვიდრე უკრაინა ამ პრობლემას არ გადაჭრის, ყველამ უნდა დაივიწყოს 6.5 მილიარდი ევროს ღირებულების კომპენსაცია, რომელიც “ევროპის სამშვიდობო მისიით” არის გათვალისწინებული”, - განაცხადა პიტერ სიარტომ, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
კიევი აცხადებს, რომ მიუხედავად “ლუკოილის” ნავთობპროდუქტების გატარების აკრძალვისა, მილსადენის ნაკადები შემცირებული არ არის.
უნგრეთმა და სლოვაკეთმა უკრაინასთან შუამდგომლობისა და კონსულტაციის თხოვნით ევროპულ კომისიას 22 ივლისს მიმართა. არსებობს შანსი, რომ განხილვებმა სასამართლოში გადაინაცვლოს, იმ შემთხვევაში, თუ კომისია სამი დღის განმავლობაში არ იმოქმედებს.