უნგრეთი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა. ის უფლებამოსილებას დღეიდან შეუდგა და 6 თვის განმავლობაში შეასრულებს.
საგულისხმოა, რომ ქვეყნები თავმჯდომარის ფუნქციას როტაციის პრინციპით ითავსებენ. უნგრეთმა თავმჯდომარეობა ბელგიისგან გადაიბარა და ვადის გასვლის შემდეგ, პოლონეთს უნდა გადასცეს.
პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი, რომელიც 2010 წლიდან მართავს უნგრეთს და რომლის მიზანიც ქვეყნის არალიბერალურ დემოკრატიად გარდაქმნაა, ხშირად უპირისპირდება ბრიუსელს კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების საკითხებზე.
შეშფოთების საგანია ორბანის რუსეთთან კავშირებიც. აღსანიშნავია, რომ უნგრეთის პოზიცია არაერთხელ გახდა დაბრკოლება რუსეთის წინააღმდეგ სანქციებზე შეთანხმების პროცესში და უკრაინისთვის დახმარების გამოყოფის საკითხში.
ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის მოვალეობაში შედის საბჭოში და მის მოსამზადებელ ორგანოებში სხდომების დაგეგმვა და თავმჯდომარეობა, ასევე საბჭოს სახელით ევროკავშირის სხვა ინსტიტუტებთან ურთიერთობა. მას ევალება საბჭოს მუშაობის წარმართვის უზრუნველყოფა ევროკავშირის კანონმდებლობის შესაბამისად. ასევე, ევროკავშირის დღის წესრიგის უწყვეტობის, მოწესრიგებული საკანონმდებლო პროცესებისა და წევრ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის უზრუნველყოფა, რისთვისაც უნდა იმოქმედოს როგორც დამოუკიდებელმა და კეთისლინდისიერმა შუამავალმა.