მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უნგრეთი რუსულ გაზსა და ნავთობზე უარისთვის ემზადება - რა ვადა დაუწესა ევროკავშირმა?

ანიტა ორბანი

უნგრეთს 2027 წლის შემოდგომისთვის რუსული ბუნებრივი აირის იმპორტის შეწყვეტა მოუწევს, რადგან ევროკავშირმა მკაცრი ვადა დააწესა - ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანიტა ორბანმა 3 ნოემბერს გამოცემა Telex-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, ბუდაპეშტი ნავთობის ალტერნატიულ წყაროებსაც ეძებს. როგორც ანიტა ორბანმა აღნიშნა, უნგრული ენერგოკომპანია MOL-ი საკუთარ ნავთობგადამმუშავებელ ქარხნებს არარუსული ნედლი ნავთობის გადასამუშავებლად ამზადებს, ნედლეულის ტრანსპორტირება კი სამხრეთიდან, ხორვატიის JANAF-ის მილსადენით ხდება.

"შეერთებულმა შტატებმა უნგრეთი რუსული კომპანიებისგან (Lukoil და Rosneft) ნავთობის შესყიდვაზე დაწესებული სანქციებიდან დროებით გაათავისუფლა. ეს გამონაკლისი მხოლოდ 21 ნოემბრამდე მოქმედებს. შედეგად, MOL-ი უკვე ცვლის საოპერაციო პროცესებს, რათა ნავთობი სხვა მომწოდებლებისგან შეიძინოს", - აღნიშნა ორბანმა.

კიდევ ერთი საკითხი MOL-ის მიერ სერბეთის ნავთობკომპანია NIS-ში Gazprom-ის წილის შესაძლო შესყიდვაა - აღნიშნული კომპანია სერბეთში ერთადერთ გადამმუშავებელ ქარხანას ფლობს).

აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა მოლაპარაკებების წარმოებაზე ნებართვა 11 დეკემბრამდე გასცა. ორბანმა მოლაპარაკებების დეტალებზე კომენტარისგან თავი შეიკავა, თუმცა დასძინა, რომ მისი რწმენით, ყველა მხარე მტკიცედ არის განწყობილი, გარიგება დროულად დაასრულოს.

კითხვაზე, აგრძელებს თუ არა პარტია Tisza-ს მიერ მართული ახალი მთავრობა უნგრეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის ენერგეტიკულ პოლიტიკას, მინისტრმა უპასუხა, რომ ზოგიერთი ეროვნული ინტერესი ხელისუფლების ცვლილებასთან ერთად არ იცვლება.

"არსებობს სტრატეგიული ინტერესები, რომლებიც მთავრობის შეცვლით არ იცვლება, როგორიცაა, მაგალითად, ქვეყნის უსაფრთხოება", - განაცხადა მან.

2025 წლის დეკემბერში ევროპარლამენტმა დაამტკიცა კანონმდებლობა, რომელიც 2027 წლის შემოდგომისთვის რუსულ გაზზე სრულ უარის თქმას ითვალისწინებს. 2026 წლის 26 იანვარს ევროკავშირის ქვეყნებმა გეგმას საბოლოო თანხმობა მისცეს. უნგრეთმა და სლოვაკეთმა გადაწყვეტილებას მხარი არ დაუჭირეს და იმავე დღეს განაცხადეს, რომ მას ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოში გაასაჩივრებდნენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები