უნგრეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ICC დატოვოს - ამის შესახებ ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც უნგრეთს ისრაელის ლიდერი, ბენიამინ ნეთანიაჰუ ოფიციალური ვიზიტით ეწვია; ცნობისთვის, ჰააგის სასამართლოს ნეთანიაჰუს დაპატიმრების ორდერი აქვს გაცემული.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, მემარჯვენე ვიქტორ ორბანმა თავისი ისრაელელი კოლეგა ბუდაპეშტში ჯერ კიდევ ნოემბერში მიიწვია, მას შემდეგ, რაც ICC-მა ნეთანიაჰუს დაკავების ორდერი გამოსცა ღაზაში საომარი დანაშაულის ბრალდებების გამო.
თავის მხრივ, ისრაელი ბრალდებას უარყოფს და ამბობს, რომ ისრაელის დადანაშაულება პოლიტიკურ მოტივს ატარებს და ანტისემიტიზმითაა გაჯერებული. ისრაელი აცხადებს, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ დემოკრატიულად არჩეული ლიდერის წინააღმდეგ დაკავების ორდერის გამოშვებით, როდესაც ის თავდაცვის უფლებას იყენებს, ლეგიტიმაცია დაკარგა.
როგორც ICC-ის დამფუძნებელი წევრი, უნგრეთი ვალდებულია, შეასრულოს ჰააგის სასამართლოს ორდერი და დააპატიმროს ნებისმიერი სუბიექტი, ვისზეც ის ვრცელდება. თუმცა ორბანმა მკაფიოდ განაცხადა, რომ უნგრეთი პატივს არ სცემს გადაწყვეტილებას, რომელიც "თავხედური, ცინიკური და აბსოლუტურად მიუღებელია".
ჰააგას სასამართლომ ისრაელის პრემიერის, ბენიამინ ნეთანიაჰუს დაკავების ორდერი გამოსცა