მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

უნგრეთი უკრაინისთვის EU-ს €90 მილიარდიან სესხს ნავთობის ტრანზიტის აღდგენამდე დაბლოკავს

უნგრეთი

უნგრეთი უკრაინისთვის განკუთვნილ ევროკავშირის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხს მანამ დაბლოკავს, სანამ კიევი "დრუჟბის" მილსადენით ნავთობის მიწოდებას არ აღადგენს. ამის შესახებ პარასკევს ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა მას შემდეგ, რაც ბუდაპეშტმა დეფიციტის დასაძლევად სტრატეგიული მარაგების გამოყენების გადაწყვეტილება მიიღო.

უნგრეთი და სლოვაკეთი - ევროკავშირის ერთადერთი ქვეყნები, რომელთა ნავთობგადასამუშავებელი ქარხნები კვლავ "დრუჟბის" მეშვეობით მიღებულ რუსულ ნავთობზე მუშაობენ - მომარაგების უზრუნველყოფას 27 იანვრის შემდეგ ცდილობენ.

მიწოდება მას შემდეგ შეწყდა, რაც, უკრაინული მხარის ცნობით, რუსულმა დრონმა მილსადენის ინფრასტრუქტურა დააზიანა.

ორივე ქვეყანამ ნაკადის აღდგენის შეფერხებაში და პოლიტიკურ მოტივებში უკრაინა დაადანაშაულა.

"დრუჟბის მილსადენით უნგრეთისთვის ნავთობის ტრანზიტის დაბლოკვით, უკრაინა არღვევს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას და ევროკავშირის წინაშე თავის ვალდებულებებს. ჩვენ არ დავემორჩილებით ამ შანტაჟს", - დაწერა საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ პლატფორმა X-ზე.

ხუთშაბათს გვიან ღამით გამოცემული დადგენილებით, უნგრეთის მთავრობამ განაცხადა, რომ დეფიციტის შესავსებად სტრატეგიული მარაგებიდან დაახლოებით 1.8 მილიონ ბარელ ნედლ ნავთობს გამოათავისუფლებს.

თუმცა, ხორვატიის მილსადენის ოპერატორმა JANAF-მა პარასკევს განაცხადა, რომ ბუდაპეშტს ამის საჭიროება არ ჰქონდა. მანამდე უნგრულმა ნავთობკომპანია MOL-მა მოითხოვა, რომ JANAF-ს "დრუჟბის" გაჩერების პერიოდში რუსული საზღვაო ნავთობის ტრანზიტის უფლება მიეცა.

"ამ მომენტისთვის, JANAF-ის მილსადენით MOL Group-ისთვის არარუსული წარმოშობის ნედლი ნავთობის მნიშვნელოვანი რაოდენობის ტრანსპორტირება მიმდინარეობს, ხოლო დამატებით სამი ტანკერი, ასევე MOL Group-ისთვის, ომიშალის ტერმინალისკენ მიემართება. რეზერვების გახსნის საჭიროება არ არსებობდა, რადგან ნავთობის ტრანსპორტირება MOL-ის ქარხნებისკენ უწყვეტად და შეფერხებების გარეშე ხორციელდება", - ნათქვამია JANAF-ის განცხადებაში

მთავრობის დადგენილებით, MOL-ს გამოთავისუფლებულ ნავთობზე პრიორიტეტული წვდომა ექნება 15 აპრილამდე, უკან დაბრუნების ვადად კი 24 აგვისტო განისაზღვრა.

მომარაგების უზრუნველსაყოფად MOL-მა საუდის არაბეთის, ნორვეგიის, ყაზახეთის, ლიბიისა და რუსული ნავთობის მისაღებად ტანკერები შეუკვეთა, რათა უნგრული და სლოვაკური ქარხნები მოამარაგოს, კვირის დასაწყისში კი უკრაინისთვის დიზელის მიწოდება შეაჩერა.

MOL-ის განცხადებით, პირველ ტვირთებს ხორვატიის პორტ ომიშალში მარტის დასაწყისში ელიან. ამის შემდეგ ნედლი ნავთობის ქარხნებამდე მიღწევას კიდევ 5-12 დღე დასჭირდება.

ნავთობთან დაკავშირებული საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა სლოვაკეთის მთავრობამაც და პირობა დადო, რომ MOL-ის მფლობელობაში არსებული ქარხნის, Slovnaft-ის მოთხოვნის საფუძველზე, 1.825 მილიონ ბარელ ნავთობს გამოათავისუფლებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები