მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უნგრეთის ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი ფინანსური თაღლითობის გამოძიების ფარგლებში დააკავეს

György Matolcsy

უნგრეთის ცენტრალური ბანკის ყოფილი პრეზიდენტი დიორდ მატოლჩი ოთხშაბათს დილით დააკავეს და საგამოძიებო მოქმედებებისთვის ცენტრალურ მთავარ პროკურატურაში გადაიყვანეს.

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის დიდი ხნის თანამებრძოლი მატოლჩი უნგრეთის ეროვნულ ბანკს 12 წლის განმავლობაში, 2025 წლამდე ხელმძღვანელობდა.

"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ეჭვმიტანილია განსაკუთრებით დიდი ოდენობის ფინანსური ზიანის მომტან თაღლითობაში და ყალბი კერძო დოკუმენტის გამოყენებაში", - განუცხადა მატოლჩის ადვოკატმა პალ ბატკიმ უნგრულ გამოცემა Telex-ს.

ოთხშაბათს გავრცელებულ განცხადებაში პროკურატურამ აღნიშნა, რომ რამდენიმე ლოკაციაზე კოორდინირებულ საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს ნდობის ბოროტად გამოყენებისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობის ფინანსური ზიანის მიყენების საქმეზე. პროკურორების თქმით, დამატებით დეტალებს საღამოს გაასაჯაროებენ, მას შემდეგ, რაც პირველადი საგამოძიებო ნაბიჯები დასრულდება.

დაკითხვის მიზნით დაკავება არ ნიშნავს, რომ მატოლჩის წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. ჯერჯერობით გაურკვეველია, მისცემენ თუ არა მას დაკითხვის შემდეგ წასვლის უფლებას. თუ მას ბრალს ოფიციალურად წაუყენებენ, აღკვეთის ღონისძიების საკითხზე სასამართლო იმსჯელებს.

სექტემბერში მატოლჩი ეჭვმიტანილის სტატუსით სხვა საქმეზეც დაკითხეს, რაც ავსტრიული Erste Group-ის წევრ Erste Bank Hungary-ზე შესაძლო ზეწოლასა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ეხებოდა. მან ბრალდებები უარყო და დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლეს.

ცენტრალური ბანკის ფონდებთან დაკავშირებით პროკურატურაში სისხლის სამართლის საჩივრები MNB-ის ამჟამინდელმა ხელმძღვანელობამ და უნგრეთის სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეიტანეს.

აქტივების მმართველმა კომპანია Optima Investment-მა, რომელიც მატოლჩის დროს, 2014 წელს დაარსებულ და 2019 წელს გაერთიანებულ Pallas Athéné-ის ფონდებს მართავდა, თითქმის 500 მილიარდი ფორინტი (1 მილიარდ ევროზე მეტი) სახელმწიფო სახსრები განკარგა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა კომპანიებისა და ინვესტიციების გაუმჭვირვალე ქსელი, სერიოზული მმართველობითი ხარვეზები და სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედებები გამოავლინა. გაერთიანებული ფონდი PADME და კომპანია Optima მოგვიანებით მძიმე ფინანსურ კრიზისში აღმოჩნდნენ.

მატოლჩი წარსულში კატეგორიულად უარყოფდა ცენტრალური ბანკის ფონდების მართვასთან დაკავშირებულ ბრალდებებს.

გამოძიება ასევე სწავლობს ფონდებთან და ეროვნული ბანკის სათავო ოფისის რემონტთან დაკავშირებით ნდობის ბოროტად გამოყენების საკითხსაც, რასაც თან ფულის გათეთრების ცალკე გამოძიებაც სდევს. 2026 წლის მაისში სამართალდამცველებმა განაცხადეს, რომ საქმის ფარგლებში 91.8 მილიარდი ფორინტის ღირებულების ნაღდი ფული და ფასიანი ქაღალდები ამოიღეს.

2026 წლის 26 მაისს უნგრეთის პარლამენტმა ცენტრალურ ბანკში სავარაუდო დარღვევების შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ რეზოლუცია მიიღო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები