უნგრეთის კონკურენციის უწყებამ (GVH) Microsoft-ის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო, რომელიც დაადგენს, რამდენად სრულყოფილი ინფორმაცია მიაწოდა ტექნოლოგიურმა კომპანიამ მომხმარებლებს მისი ახალი საძიებო სისტემის შესახებ, რომელიც ხელოვნურ ინტელექტზეა დაფუძნებული. ახალი სერვისის პირობები ერთმანეთის ურთიერთგამომრიცხავია, რის გამოც მომხმარებლებმა შესაძლოა არ იცოდნენ, რა ემართება მათ პერსონალურ მონაცემებს პლატფორმით სარგებლობის შემთხვევაში და რამდენად სანდოა სერვისი.
GVH თვლის, რომ სერვისით სარგებლობის წესები და სამომხმარებლო ინფორმაცია ვრცელი, ფრაგმენტული და წინააღმდეგობრივია და, ზოგიერთ შემთხვევაში, მხოლოდ ინგლისურ ენაზეა ხელმისაწვდომი. ამან შესაძლოა, მომსახურების სისრულის, პასუხების სანდოობის, დროულობისა და სიზუსტის და სერვისის გამოყენებასთან დაკავშირებული მონაცემთა მენეჯმენტის შესახებ მომხმარებლების არასწორი ინფორმირება გამოიწვიოს.
ტექნოლოგიურმა გიგანტმა Bing-ის საძიებო სისტემაში ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული, ChatGPT-ის მსგავსი ჩათი ჯერ კიდევ თებერვალში დაამატა. ახალი ფუნქცია მომხმარებლის კითხვებისთვის პასუხებს მომხმარებლის მიერ გაზიარებული კონტენტის, მონაცემებისა და ინფორმაციის საფუძველზე სცემს, თუმცა უნგრეთის სახელმწიფო უწყება მიიჩნევს, რომ კომპანიამ მომხმარებლები სათანადო ინფორმაციით არ უზრუნველყო.
“უნგრეთის კონკურენციის უწყება დიდ ყურადღებას აქცევს მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიების ბაზრის ქცევის მოკვლევას, რაც გავლენას ახდენს მომხმარებელთა და ბიზნესის ინტერესებსა და პოზიციაზე. ბოლო წლების განმავლობაში, GVH-მ დააწესა კონკურენციის გარკვეული ღონისძიებები Google-სა და PayPal-თან მიმართებით, ასევე Apple-მა და Booking.com-მა გადაიხადეს მნიშვნელოვანი ჯარიმები. უნგრეთის კონკურენციის უწყება ამჟამად იკვლევს Viber-ის, Rakuten ჯგუფის ნაწილის, და TikTok-ის ქცევას ბაზარზე, რომელსაც მართავს ByteDance”, - ვკითხულობთ GVH-ს ვებსაიტზე გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ მონაცემთა მართვისა და საძიებო სერვისების რისკებთან დაკავშირებულ არასამართლიან პრაქტიკაზე მოკვლევა აშშ-ის ფედერალურმა სააგენტომაც დაიწყო. მათი სამიზნე OpenAI და მათ მიერ შემუშავებული AI სერვისები, მათ შორის, ChatGT-ია.