მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას ნიშნავს AI ეკონომიკა და რატომაა მისი განვითარება მნიშვნელოვანი - ბრედ სმიტის მოსაზრება

აი

მიმდინარე წლის 26 თებერვალს Microsoft-მა “ხელოვნურ ინტელექტზე წვდომის” პრინციპები წარადგინა, რომელიც AI ეკონომიკაში ქვეყნებს შორის კონკურენციის გაღვივებას ისახავს ერთ-ერთ მიზნად. Euronews-სთან ინტერვიუში Microsoft-ის პრეზიდენტი, ბრედ სმიტი “ხელოვნური ინტელექტის ეკონომიკის” მნიშვნელობაზე საუბრობს და განმარტავს, რისთვისაა მისი განვითარება აუცილებელი.

“როდესაც AI-ს მსგავსი უნივერსალური, საბაზისო ტექნოლოგია გაქვს, იქნება ეს საბეჭდი დაზგა თუ, მაგალითად, ელექტრობა, ეკონომიკაში აუცილებლად ჩნდება სრულიად ახალი დარგი - სწორედ ამას ვეძახით AI ეკონომიკას, რომელიც თავის თავში ძალიან ბევრ მონაწილეს აერთიანებს, იქნება ეს ელექტრობის მწარმოებლები, მონაცემთა ცენტრები თუ ქსელი, რომელიც ყველა ამ მონაწილეს ერთმანეთთან აკავშირებს.

თუმცა არსებითად, საუბარია ყველაზე განვითარებულ ჩიპებზე მსოფლიოში, მონაცემთა ცენტრებზე, ადამიანებზე, რომლებსაც ამ მონაცემებზე მიუწვდებათ ხელი, ადამიანებზე, რომლებიც ამ მოდელებს, აპლიკაციებსა და ხელსაწყოებს ქმნიან. და საბოლოოდ, ყველაფერი დისტრიბუტორებამდე, შემდეგ კი თითოეულ ჩვენგანამდე მოდის - მომხმარებლებამდე, რომლებიც ამ ყველაფერს ვიყენებთ. რაღაც მხრივ, ეს ტექნოლოგია საბეჭდ დაზგას ჰგავს, ან არა მხოლოდ დაზგას, არამედ მელანსა და ფურცელს, საკინძებს, წიგნის გამომცემლებს, წიგნის გამყიდველებს - ადამიანებს, რომლებიც მწერლებსა და მკითხველებს ერთმანეთთან აკავშირებენ. ახალი AI ეკონომიკის თითოეული მონაწილე ერთმანეთზეა დამოკიდებული, მათ ერთმანეთი სჭირდებათ იმისთვის, რომ იცოცხლონ”, - განმარტავს ბრედ სმიტი.

კითხვაზე, რამდენად რეალისტური მიზანია AI ეკონომიკის განვითარება თითოეულ ქვეყანაში, Microsoft-ის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ამის წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია.

“ეს მიმდინარე ათწლეულის მთავარი კითხვა იქნება. ამ მომენტში ჩვენ ვხედავთ, რომ ქვეყნებს სჭირდებათ ეს ჩართულობა, სჭირდებათ ინვესტიციები და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მათ უნდათ AI მათი ეკონომიკის ახალ საყრდენად იქცეს. ვფიქრობ, ზოგიერთი ქვეყნის რეგულაციები განსხვავებული იქნება, კანონმდებლობები, გარკვეულ დონეზე, ერთმანეთისგან განსხვავდება, რადგან კანონი, როგორც წესი, ადგილობრივი კულტურის ანარეკლია.

ახლა რასაც ვაკეთებთ, თამამად შეიძლება ითქვას, რომ არავის გაუკეთებია, მაგალითად, ელექტრობის ეპოქაში. მაშინ არავის უცდია, რომ ელექტროსადგურები ყველგან აეშენებინათ, რის შედეგადაც მივიღეთ, რომ დღემდე 700 მილიონ ადამიანს ელექტროენერგიაზე წვდომა არ აქვთ. ამიტომ ვცდილობთ, რომ ტექნოლოგია მსოფლიოს გარშემო გაცილებით უფრო სწრაფად გავავრცელოთ, ვიდრე ვინმეს ეს ოდესმე გაუკეთებია. კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერი საჯარო და გამჭვირვალე იყო, რათა აშკარად ჩანდეს, როგორ ვმართავთ AI-ს და იმედია, ჩვენი ქცევა ადამიანთა ნდობას დაიმსახურებს. ვფიქრობ, ეს იქნება მთელი დეკადის ისტორია”, - აცხადებს ბრედ სმიტი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები