“წარმატებაც, ისევე როგორც მარცხი, დროებითია” - ამგვარად ეხმიანება Euronews-თან ინტერვიუში Microsoft-ის პრეზიდენტი, ბრედ სმიტი, კომპანიის მიერ ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიების ჩამონათვალში Apple-ის ჩანაცვლებას. სმიტი აღნიშნავს, რომ ეს კომპანიის მიზნებში არ შედიოდა.
“ვერ ვიტყოდი, რომ მსგავსი რაღაცები ვინმემ მიზნად უნდა დაისახოს, რადგან ეს პროცესი არასტაბილურია. წარმატებაც, ისევე როგორც მარცხი, დროებითია. შესაბამისად, უმჯობესია, მიზნად იმ ტექნოლოგიების წარმოება დავისახოთ, რაც ხალხს სჭირდება, რაც მათი ცხოვრების ხარისხს გააუმჯობესებს - არ ვგულისხმობ მხოლოდ იმ ტიპის ტექნოლოგიებს, რაც ადამიანებს აბედნიერებს, ხალხმა უნდა იცოდეს, რომ შენ ხარ პასუხისმგებლობიანი, ეთიკური და ფიქრობ არა მხოლოდ საკუთარ თავზე, არამედ - მათზეც”, - ამბობს ბრედ სმიტი.
Microsoft-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ 1993 წლის შემდეგ, როდესაც იგი კომპანიაში პირველად მოხვდა, მრავალი ტექნოლოგიური ინოვაცია შეიქმნა, თუმცა მნიშვნელობით ვერც ერთი უტოლდება ხელოვნურ ინტელექტს. სმიტი აღნიშნავს, რომ დროში დაბრუნება და საკუთარ თავთან გასაუბრება რომ შეეძლოს, სწორედ ეს გამოგონება გააკვირვებდა მის ახალგაზრდა ვერსიას ყველაზე მეტად.
“რაც მაშინ გამაკვირვებდა, და სიმართლე რომ ითქვას, ახლაც მაქვს დღეები, როცა ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ ბოლომდე, ისაა, თუ რამდენად შეიცვალა კომპიუტერული ტექნოლოგიები გლობალურ სკალაზე და რამდენად მასშტაბური გახდა მონაცემთა ცენტრები, რომლებიც სუპერკომპიუტერებს ერთმანეთთან აკავშირებს.
Microsoft-ს იმ პერიოდში შევუერთდი, როდესაც ლეპტოპები ჯერ კიდევ პატარავდებოდა, ტელეფონებზე ოცნება შეგვეძლო, თუმცა ის ჯერ არ არსებობდა, ყველაფერი დანარჩენი კი ზომაში მცირდებოდა. ახლა კი ხელოვნური ინტელექტის, მეტიც, ჩვენი ცხოვრების მთავარი ასპექტი, განუწყვეტელი, მუდმივი კავშირია. ამიტომ, ხშირად ვფიქრობ, რომ AI არის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი გამოგონება გონებისთვის, საბეჭდი დაზგის შემდეგ.
საბეჭდი დაზგით ადამიანებს წერისა და კითხვის საშუალება მიეცათ, რამაც ადამიანის აზროვნების განვითარების, მათი ნააზრევის გაზიარებისა და განათლების გავრცელების საშუალება გააჩინა. ხელოვნური ინტელექტი კი ხელსაწყოა, რომელსაც ამ ყველაფრის მიღწევა თავიდან შეუძლია. მიუხედავად უამრავი გამოგონებისა, რომელიც საბეჭდ დაზგასა და AI-ს შორის გვქონდა, ვერც ერთმა მათგანმა, ასეთი მნიშვნელოვანი როლის შესრულება, ვერ შეძლო”, - განმარტავს ბრედ სმიტი.
მიუხედავად AI ტექნოლოგიის სწრაფი განვითარებისა, Microsoft-ის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ლიმიტი ყველა სფეროში არსებობს, ხელოვნური ინტელექტის შემთხვევაში კი ის მომდევნო ათწლეულის განმავლობაში გამოიკვეთება.
“ვფიქრობ, ჯერ ყველაფრის საწყის ეტაპზე ვართ, განსაკუთრებით გენერაციული ხელოვნური ინტელექტის შემთხვევაში, რაც შესაძლებლობას გვაძლევს, ChatGPT-ის მსგავსი აპლიკაციები გვქონდეს, რომლებიც ჩვენთვის ნებისმიერ თემაზე დაწერენ. თუმცა ვფიქრობ, რომ ცხოვრებაში ყველაფერს აქვს ლიმიტი და ამ შემთხვევაშიც, ეს ლიმიტიც დროთა განმავლობაში აშკარად გამოიკვეთება”, - აღნიშნავს Microsoft-ის პრეზიდენტი Euronews-სთან ინტერვიუში.