Microsoft-ის პრეზიდენტი ბრედ სმიტი ჩინეთის კომერციის მინისტრს, უანგ ვენტაოს, ხელოვნურ ინტელექტსა და ვაშინგტონსა და პეკინს შორის სავაჭრო ურთიერთობებზე სასაუბროდ შეხვდა - ამის შესახებ CNBC-ი ჩინეთის სამთავრობო პრესრელიზზე დაყრდნობით იტყობინება.
გამოცემის ცნობით, შეხვედრა ხაზს უსვამს ჩინეთის მცდელობას, მხარი დაუჭიროს ამერიკულ ბიზნესებს, მიუხედავად ქვეყანასთან დაძაბული ურთიერთობისა.
აღსანიშნავია, რომ სმიტისა და ვენტაოს შეხვედრა აშშ-ისა და ჩინეთის პრეზიდენტების, ჯო ბაიდენისა და სი ძინპინის შეხვედრას მოსდევს - ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ აშშ და ჩინეთი ორივე ქვეყნისათვის მაღალპოტენციურ სფეროებში თანამშრომლობისთვის მზაობას გამოთქვამენ. ქვეყნების ურთიერთობა საგარეო ბიზნეს გარემოს გაუმჯობესების სურვილსაც გამოხატავს. ჩინეთის მინისტრის თქმით, ქვეყანა მზადაა, უცხოურ კომპანიებს უკეთესი სერვისები შესთავაზოს. ვენტაო იმედოვნებს, რომ Microsoft-ი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ჩინეთისა და აშშ-ს თანამშრომლობაში.
Microsoft-ი ხელოვნური ინტელექტის სექტორის ერთ-ერთ წამყვან მოთამაშედ მოიაზრება, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც OpenAI-ში მისმა მულტიმილიარდიანმა ინვესტიციამ გაამართლა და ChatGPT-მ მსოფლიო დაიპყრო. ამავდროულად, ჩინური ტექ. გიგანტები - alibaba, baidu და სხვები - თავადაც ცდილობენ ხელოვნური ინტელექტის მოდელების გააქტიურებას.
ჩინეთისა და აშშ-ის თანამშრომლობაში ტექნოლოგიებს, ბოლო რამდენიმე წელია, მთავარი მნიშვნელობა უჭირავთ.