უნგრეთის პროკურატურამ ავსტრიაში €15 მილიონად გაყიდული გუსტავ კლიმტის ნახატის კონფისკაცია მოითხოვა.
ნახატის კონფისკაცია უნგრეთის ხელისუფლებამ მოითხოვა იმ განმარტებით, რომ ნახატი არამართლზომიერად იქნა ექსპორტირებული და უნგრეთს უნდა დაუბრუნდეს. ტილო 80 წელი დაკარგულად ითვლებოდა, 2023 წელს, აღმოჩენის შემდეგ კი, მიმდინარე წლის მარტში, 15 მილიონ ევროდ (16.4 აშშ დოლარად) გაიყიდა.
ნახატი საჯაროდ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ 2023 წელს გამოჩნდა, როდესაც უცნობმა მამაკაცმა ვენაში არსებულ გალერეაში მისი გაყიდვა სცადა.
ტილო, რომელზედაც აფრიკელი მამაკაცია გამოსახული, ავსტრიელი ებრაელების ოჯახს, კლაინებს, ეკუთვნოდა. კლაინებმა ავსტრია 1938 წელს ნაცისტური ანექსირების შემდეგ დატოვეს, ნახატი კი ქალბატონს მიანდეს, რომელიც მოგვიანებით უნგრეთში გადავიდა საცხოვრებლად. სწორედ აქ წყდება ნახატის კვალი, რადგან თხოვნების მიუხედავად ნახატი კლაინების ოჯახის მფლობელობაში არ დაბრუნებულა.
ავსტრიული გაზეთის Der Standard-ის თანახმად, 2023 წელს ნახატი ავსტრიაში უნგრეთიდან გაიტანეს. უნგრეთის მშენებლობის და ტრანსპორტირების სამინისტრომ ნახატი შეცდომით გასცა ექსპორტზე, სავარაუდოდ შემოწმებისას ნახატის წარმომავლობის აღმნიშვნელი წარწერები და სიმბოლოები ვერ იქნა შემჩნეული და ნახატი ექსპორტზე დაიშვა, როგორც არც ისე ძვირად ღირებული ნამუშევარი.
ნახატის, ზედმეტ სახელად “შავი კლიმტის”, ოფიციალურად გაყიდვის უფლება მფლობელს ეძლევა 1998 წლის ვაშინგტონის პრინციპების შესაბამისად, რომელიც ჰოლოკოსტის მსხვერპლთაგან ჩამორთმეული ქონების დაბრუნების პირობებს განსაზღვრავს. თუმცა ამისდა მიუხედავად უნგრეთი მაინც აცხადებს, რომ იგი არალეგალურად გაიტანეს ქვეყნიდან და ცდილობს იგი ახალ მეპატრონეს ჩამოერთვას და უნგრეთს გადაეცეს.




























