მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უნგრეთის საგარეო საქმეთა ექსმინისტრი პიტერ სიიარტო ჩინურ BYD-ში დასაქმდა

სიიარტო

უნგრეთის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეტერ სიიარტომ საპარლამენტო მანდატი დატოვა, რათა პოლიტიკური კარიერა დაასრულოს და მუშაობა ჩინურ ავტომწარმოებელ BYD-ში გააგრძელოს.

აღსანიშნავია, რომ მის ამ ნაბიჯს მოჰყვა მწვავე კრიტიკა, რაც მინისტრობის პერიოდში კომპანიისთვის მრავალმილიონიანი სახელმწიფო სუბსიდიების გამოყოფაში მის როლს უკავშირდება.

როგორც ირკვევა, ყოფილმა დიპლომატმა ჩინური ავტომწარმოებლისგან საერთაშორისო პოზიციაზე დასასაქმებლად პრესტიჟული შემოთავაზება მიიღო, რის შესახებაც ინფორმაცია Facebook-ზე თავად გაავრცელა. სიიარტოს განმარტებით, ის საქმიანობას ჯგუფის საგარეო ურთიერთობებისა და ახალი მიმართულებების განვითარების ხელმძღვანელის პოზიციაზე გააგრძელებს, ხოლო თავად კომპანიას ბოლო ორი ათწლეულის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ პროექტად მიიჩნევს.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ყოფილი მინისტრი ჩინური ინვესტიციების მოზიდვის პროცესს აქტიურად ხელმძღვანელობდა. 2023 წელს მან დააანონსა უნგრეთში BYD-ის პირველი ევროპული ქარხნის მშენებლობა, რითაც კომპანიამ ევროკავშირის მიერ დაწესებული იმპორტის ტარიფებისთვის გვერდის ავლის შესაძლებლობა მიიღო. ამასთან, 2025 წელს სიიარტომ დააანონსა ბუდაპეშტში კომპანიის ევროპული შტაბ-ბინისა და კვლევითი ცენტრის განთავსება, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან $63.7 მილიონი გამოიყოფოდა.

პარალელურად, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მაგიარმა ყოფილი მინისტრი უცხოური ინტერესების გატარებაში დაადანაშაულა. მისი განცხადებით, სიიარტო ჩინური კომპანიისთვის უნგრეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან სუბსიდიების გამოყოფას დიდი ხნის განმავლობაში ლობირებდა. მაგიარმა აღნიშნა, რომ მმართველი პარტიის მხარდამჭერებისთვის ყოფილი მინისტრის მიერ გატარებული პოლიტიკის რეალური ინტერესები ახლა უკვე საზოგადოებისათვის აშკარა გახდა.

ამასთან, სიიარტოს მინისტრობის პერიოდი არაერთ სკანდალს უკავშირდება. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ინტერვენციის მიუხედავად, ის მოსკოვთან მჭიდრო კავშირებს ინარჩუნებდა. ყოფილი მინისტრი ხშირად ჩადიოდა მოსკოვში ნავთობისა და გაზის შესყიდვის შესახებ მოლაპარაკებების გასამართად, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს კი საკუთარ მეგობრად მოიხსენიებდა. ამას გარდა, 2021 წელს ვლადიმერ პუტინმა გადასცა მას მეგობრობის ორდენი, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის განკუთვნილი ერთ-ერთი უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები