პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის მთავრობამ რუსეთთან ეკონომიკური, სავაჭრო, ენერგეტიკული და კულტურული კავშირების გაღრმავების შესახებ შეთანხმება გააფორმა. გამოცემა POLITICO-ს მიერ მოპოვებული დოკუმენტების თანახმად, მხარეები სტრატეგიულ თანამშრომლობაზე გასული წლის დეკემბერში, მოსკოვში გამართული შეხვედრისას შეთანხმდნენ, თუმცა აღნიშნული ინფორმაცია საჯარო მხოლოდ უნგრეთში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე გახდა ცნობილი, რამაც ქვეყანაში პოლიტიკური დაპირისპირება კიდევ უფრო გაამწვავა.
შეთანხმების ტექსტი, რომელიც აქამდე არ ქვეყნდებოდა, ისეთ სფეროებს მოიცავს, როგორიცაა ბირთვული საწვავის შესყიდვა, ასევე ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება განათლებისა და სპორტის სფეროებში. დოკუმენტების მიხედვით, ბუდაპეშტი და მოსკოვი მიზნად ისახავენ ორმხრივ ვაჭრობაში არსებული უარყოფითი ტენდენციის შეცვლას, რაც უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო დაწესებულმა სანქციებმა გამოიწვია. გეგმა ასევე ითვალისწინებს უნგრეთში რუსული ენის სწავლების გაძლიერებას რუსეთიდან მასწავლებლების მოწვევით. ამას გარდა, ერთობლივი პროექტების დაწყებას ელექტროენერგიისა და წყალბადის წარმოების მიმართულებით.
ვიქტორ ორბანის ოპონენტი პიტერ მაგიარი მთავრობას მოსკოვთან სიახლოვის გამო „ღალატში“ ადანაშაულებს. თავის მხრივ, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პეტერ სიიარტო აცხადებს, რომ ქვეყნის ორმხრივი თანამშრომლობა მხოლოდ ეროვნული ინტერესებით არის განპირობებული და არა „ლიბერალური მედიის“ ზეწოლით. მიუხედავად დოკუმენტში არსებული ჩანაწერისა, რომ კავშირების გაღრმავება ევროკავშირის წინაშე აღებულ ვალდებულებებს არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს, ექსპერტები ბუდაპეშტის პოლიტიკური ტრაექტორიის შესაძლო ცვლილების საფრთხეზე ამახვილებენ ყურადღებას.
შეგახსენებთ, რომ უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები 12 აპრილს გაიმართება. წინასაარჩევნო პერიოდში ორბანი ცდილობს, კრემლთან მეგობრული ურთიერთობა ამომრჩევლისთვის ენერგეტიკული უსაფრთხოების გარანტიად წარმოაჩინოს. პარალელურად, ის ოპოზიციას ქვეყნის ომში ჩათრევის მცდელობაში ადანაშაულებს.




























