მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

უნგრეთში საქართველოს საელჩოს ახალი შენობის გარემონტებაზე 766,000 ევრო დაიხარჯება

საელჩო უნგრეთში

ბუდაპეშტში საქართველოს საელჩოს ახალი შენობის სარემონტო სამუშაოებისთვის 765,750 ევრო დაიხარჯება - ამის შესახებ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული განაცხადიდან ხდება ცნობილი. წარდგენილი ინფორმაციის თანახმად, სახელმწიფომ აღნიშნული შენობა 2023 წლის დეკემბერში შეიძინა, თუმცა ამ ეტაპზე საელჩო კვლავ ნაქირავებ ფართში ფუნქციონირებს.

ამასთან, სამინისტრო აცხადებს, რომ უნგრეთი საქართველოს მთავრობისთვის ევროკავშირში "მთავარი სტრატეგიული პარტნიორია", ამიტომ მასთან ურთიერთობების წარმართვისთვის ინფრასტრუქტურულად უფრო დიდი ოფისია საჭირო.

განმარტებითი ბარათის თანახმად, ახალი შენობა მდებარეობს ბუდაპეშტის მე-6 უბანში, რომელიც დიპლომატიურ რაიონს წარმოადგენს. იგი მე-19 საუკუნეში აგებული ოთხსართულიანი ნაგებობაა, რომლის ფართობიც 1360 კვადრატულ მეტრს შეადგენს და მოითხოვს როგორც გარე, ასევე შიდა სარემონტო სამუშაოებს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შენობის ინფრასტრუქტურული მდგომარეობიდან გამომდინარე, აუცილებელია გარკვეული სარემონტო ღონისძიებების დროულად განხორციელება. მათ შორისაა სანიაღვრე და საწვიმარი მილების განახლება, ელექტრო და საკომუნიკაციო სისტემების მოდერნიზაცია, იატაკისა და კარ-ფანჯრის შეცვლა, ფასადის შეღებვა და სხვა.

პროექტი მოიცავს:

  • გარე სამუშაოებს – ეზოს მოპირკეთება, კიბეებისა და ტერასის რესტავრაცია, ფასადის შეღებვა და სანიაღვრე სისტემების განახლება.
  • შიდა სამუშაოებს – კედლების, ჭერისა და იატაკის შეღებვა, ელექტრო და საკომუნიკაციო სისტემების განახლება, კარ-ფანჯრის შეცვლა, კონდიცირების სისტემის მონტაჟი და სხვა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნავს, რომ პროექტის დროული განხორციელება ხელს შეუწყობს საელჩოს ნაქირავები შენობიდან ახალ სივრცეში გადასვლას, რაც არსებული საოპერაციო ხარჯების ოპტიმიზაციის შესაძლებლობასაც შექმნის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები