მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

[უნივერსიტეტების გაერთიანებაზე] პოლიტიკური გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, ვერანაირად გადავხედავ - ზვიად გაბისონია

ზვიად გაბისონია

"ოცნების" მთავრობაში განათლების მინისტრის მოადგილის, ზვიად გაბისონიას განცხადებით, თსუსა და ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების შესახებ პოლიტიკური გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და ვერ გადახედავს.

"ვერ გეტყვით", - ასე უპასუხა ზვიად გაბისონიამ ჟურნალისტის კითხვას, შეიცვლება თუ არა უნივერსიტეტების გაერთიანების გადაწყვეტილება.

"პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს მე ვერ გადავხედავ ვერანაირად, გადაწყვეტილება უკვე მიღებულია რეორგანიზაციასთან დაკავშირებით. ამ ტიპის გადაწყვეტილებებით, ზოგადად, პროფესურის ნაწილზე არ არის საუბარი, აქ საუბარია გარკვეული ტიპის ინსტიტუციურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც საჭიროებს სამთავრობო ტიპის გადაწყვეტილებებს", - განაცხადა განათლების მინისტრის მოადგილემ.

მისივე თქმით, სამინისტროს წარმომადგენლები უკვე შეხვდნენ ტექნიკური უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას, დღეს კი მსგავსი შეხვედრა სახელმწიფო უნივერსიტეტშია ჩანიშნული.

"გუშინ გვქონდა ჩვენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასთან, რომელსაც ესწრებოდნენ აკადემიური საბჭოს წევრები, სენატის წევრები, რექტორი, პრორექტორები, კანცლერი, პრაქტიკულად ყველა... სადაც დაახლოებით 5 საათი გვქონდა მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი მიმართულებით შეიძლება წავიდეთ. დღეს მაქვს შეხვედრა 5 საათზე ასევე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანალოგიურ შემადგენლობასთან და დღესაც გვექნება მათთან კომუნიკაცია. ვფიქრობთ, რომ მალე ყველა ამ საკითხს მოვაგვარებთ", - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.

გასული თვის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ "ქართული ოცნება" თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანებას გეგმავს. 29 იანვარს გამართულ ბრიფინგზე "ოცნების" მთავრობაში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა, რომ გადაწყვეტილება ორივე უნივერსიტეტის რექტორთან კონსულტაციის შემდეგ მიიღეს. მისი თქმით, გაერთიანებას წინ უსწრებდა ხანგრძლივი კონსულტაციები და სახელმწიფო უნივერსიტეტების აკადემიური პროგრამების, კვლევითი მიმართულებებისა და ინფრასტრუქტურის შედარებითი ანალიზი.

ამასთან, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადიურმა და სამეცნიერო საზოგადოებამ ბიძინა ივანიშვილს განცხადებით მიმართა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან გაერთიანების საკითხზე. განცხადების ავტორები მოითხოვენ, რომ საპარლამენტო მოსმენამდე პარლამენტის განათლების კომიტეტისა და მთავრობის წარმომადგენლები ტექნიკურ უნივერსიტეტში მივიდნენ და საკითხი საუნივერსიტეტო საზოგადოებასთან საჯაროდ განიხილონ, ან ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური და სამეცნიერო საზოგადოების წარმომადგენლებს მიეცეთ შესაძლებლობა დაესწრონ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის საპარლამენტო განხილვას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები