მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

უნივერსიტეტების შენობებს, რომელსაც ისტორიული ღირებულება არ ექნება, სახელმწიფო განკარგავს - მიქანაძე

გივი მიქანაძე

თბილისსა და ქუთაისში ახალი საუნივერსიტეტო ქალაქების მშენებლობის პარალელურად, სახელმწიფო იმ უძრავი ქონების განკარგვას დაიწყებს, რომელიც ამ ჰაბების მიღმა დარჩება. აღნიშნული "ოცნების" მთავრობაში განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ bm.ge-ს კითხვის პასუხად განაცხადა.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, ისტორიული ღირებულების მქონე შენობები შენარჩუნდება და მათში აკადემიური პროცესი გაგრძელდება.

"ეს არ არის ჩემი კომპეტენცია. ჩემი ხედვა არის ის და ამაზეც განცხადებული პოზიციაა, რომ ჩვენ ვაშენებთ ორ საუნივერსიტეტო ქალაქს თბილისსა და ქუთაისში და ძირითადი მიმართულებები ყველა გადავა იქ, როდესაც ეს ინფრასტრუქტურა თანამედროვე სტანდარტებით იქნება აშენებული. და აქ სრულიად უსაფუძვლოდ მიმაჩნია კითხვის დასმა, რატომ უნდა გადავიდნენ? იმიტომ უნდა გადავიდნენ, რომ ჩვენ ვთავაზობთ ყველაზე თანამედროვე ინფრასტრუქტურას, სადაც ელემენტარულად აკადემიურ პერსონალს თავისი სამუშაო ოთახი ექნება და სახლში ან სხვა სამუშაოზე არ იქნება დაკავებული საუნივერსიტეტო საქმით.

ჩვენ უნდა გავაჩინოთ ძლიერი ბმა აკადემიურ პერსონალსა და უნივერსიტეტს შორის, რომ იქ მიღებულმა მაღალანაზღაურებადმა პროფესორებმა მთელი თავისი დრო, მთელი თავისი რესურსი, გამოცდილება და ცოდნა დაუთმონ იმ კონკრეტულ უნივერსიტეტს და სხვა რამით არ იყვნენ დაკავებული. ამიტომ ეს პროცესები, ისევე როგორც მაღალი სტანდარტის და დაბალფასიანი საერთო საცხოვრებლები ახალგაზრდებისთვის, სარეკრეაციო ზონები, იმიტომ რომ სასწავლო პროცესი მხოლოდ სწავლასთან არ არის დაკავშირებული და იქ სხვა არაფორმალურ გარემოებებთან არის დაკავშირებული, ხომ? ეს ყველაფერი იქნება ამ საუნივერსიტეტო ქალაქებში უზრუნველყოფილი, ორ ჰაბში, თბილისსა და ქუთაისში და შესაბამისად, აქ თუ რატომ უნდა გადავიდეთ, ცოტა უხერხული შეკითხვა, აბსოლუტურად უსაფუძვლო შეკითხვაა და კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ყველა ის შენობა, რომელსაც ექნება ისტორიული ღირებულება, არათუ შენარჩუნებული იქნება, ამ შენობებში აკადემიური პროცესები გაგრძელდება", - განაცხადა მიქანაძემ.

bm.ge-ს დამაზუსტებელ კითხვაზე, - ანუ დანარჩენი აქტივების განკარგვას დაიწყებს სახელმწიფო?

მიქანაძემ უპასუხა - კი.

აღსანიშნავია, რომ 2026 წელს რუსთავსა და ქუთაისში საუნივერსიტეტო ქალაქის პროექტის განვითარებაზე დაახლოებით 150 მილიონი ლარის დახარჯვა იგეგმება.

საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ისე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მნიშვნელოვანი მოცულობის უძრავ ქონებას ფლობენ.

უფრო დეტალურად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკუთრებაში ჯამურად 316,192 კვადრატული მეტრის უძრავი ქონებაა. მათ შორის, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე თსუ-ს კორპუსების ფართობი 60,313 კვადრატულ მეტრს შეადგენს, უნივერსიტეტისა და თამარაშვილის ქუჩებზე — 214,550 კვადრატულ მეტრს, ხოლო ბელიაშვილის ქუჩაზე — 11,353 კვადრატულ მეტრს.

თსუ-ს ასევე ეკუთვნის 10,555 კვადრატული მეტრის უძრავი ქონება ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე, 10,100 კვადრატული მეტრის ფართობი დაბა კოჯორში და 6,747 კვადრატული მეტრის უძრავი ქონება ქალაქ რუსთავში.

ამასთან, 2025 წლის დეკემბერში, მთავრობის გადაწყვეტილებით, თსუ-მ უსასყიდლოდ გაასხვისა თბილისში, ქეთევან დედოფლის გამზირზე მდებარე მეშვიდე კორპუსი, რომლის ფართობიც 8,335 კვადრატულ მეტრს შეადგენდა. აღნიშნული უძრავი ქონება შემდგომში მთავრობამ IBSU-ს გაუცვალა აეროპორტის მიმდებარედ არსებულ უძრავ ქონებაში.

რაც შეეხება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, მისი უძრავი ქონება თბილისში, კოსტავას ქუჩაზე მდებარეობს. საჯარო რეესტრის მონაცემებით, ტექნიკური უნივერსიტეტის კორპუსების ჯამური ფართობი 85,473 კვადრატულ მეტრს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები