დღეს საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო და ის 23 ივლისს დასრულდება. 2025 წელს უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელების მიზნით 39 000-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა. სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 2 400-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა; საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია 10 000-ზე მეტმა მაგისტრანტობის კანდიდატმა გაიარა.
2005 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების შემოღების მთავარი მიზანი გამჭვირვალობაზე დაფუძნებული დროებითი სისტემის შექმნით, უნივერსიტეტებში არსებული კორუფციის აღმოფხვრა იყო. პროცესის გაგრძელების შემდეგი ნაბიჯი კი ჯერ კიდევ 2012 წელს გამოცდების სკოლებში გადმოტანა უნდა ყოფილიყო.
სექტორის წარმომადგენლები ბოლო წლებში არსებული სისტემის შეცვლის აუცილებლობაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ არსებული მოდელი ცოდნის შეფასებას ვეღარ პასუხობს.
„საქართველოს უნივერსიტეტის“ რექტორი კოკა თოფურია ამბობს, რომ მნიშვნელოვანია სტუდენტებს უნივერსიტეტები კონკრეტული კრიტერიუმების მიხედვით თავად არჩევდნენ, სახელმწიფოს მხრიდან კი გამოცდა მხოლოდ გრანტის მოპოვებას უკავშირდებოდეს.
„საქმიანი დილის“ ეთერში თოფურიამ გრანტის მოცულობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სტუდენტის სწავლის ხარჯები 2 250 ლარიანი დაფინანსებას, მნიშვნელოვნად აღემატება.
„საკითხი კომპლექსურია და ბევრ ასპექტს მოიცავს. მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტების ჩართულობა იყოს სტუდენტების სელექციაში. 2005 წელს მნიშვნელოვანი იყო ამ სისტემის არსებობა რადგან მანამდე გვტკიოდა კურუფცია, კარგ ბავშვებს ფინანსების არქონის გამო არ ეძლეოდათ უნივერსიტეტებში მოხვედრის საშუალება, ახლა სრულიად შეიცვალა გარემო. უფრო მეტი ადგილია ვიდრე სტუდენტების რაოდენობა, ამიტომ უკეთესი იქნება თუკი ეს სისტემა გაუმჯობესდება.
მე ეროვნულებს დავტოვებდი მხოლოდ და მხოლოდ გრანტის ნაწილში და აქვე ვიტყვი, რომ ის არ უნდა იყოს სავალდებულო.
უნივერსიტეტებს ექნებოდათ შესაძლებლობა სხვადასხვა კრიტერიუმებით მიეღოთ სტუდენტები, მაგრამ ვისაც გრანტი ენდომებოდა, ისინი გავიდოდნენ გამოცდაზე. ეს გამოცდა ალბათ უნდა იყოს უნარ-ჩვევები.
საგრანტოს დაფინანსება უნდა იყოს უმთავრესი უნივერსიტეტების დაფინანსებაში. ეს ებჯინება უნივერსიტეტების დაფინანსების პრობლემასაც. 10 წელია მესმის, რომ არსებული დაფინანსების სქემა უნდა შეიცვალოს და რეალურად არაფერი არ მომხდარა გარდა იმისა რომ გრანტის წონამ უბრალოდ დაიკლო. როცა 2005 წელს გრანტი შემოვიდა, მაშინ 1 500და მერე 2250 ლარი გახდა. ამის მერე 20 წელი გავიდა და ისევ 2 250 ლარია მაშინ როდესაც ფასები 4-5ჯერ არის გაზრდილი.
თუ მაშინდელი გრანტი იყო საკმაოდ მაღალი და შესაძლებელი იყო იმ ფასად სტუდენტისთვის განათლების მიღება, დღეს ეს სრულად არასაკმარისია, თან თუ გავითვალისწინებთ დოლარის მაშინდელ და ახლანდელ კურსს. რეალურად გრანტი გახდა ძალიან მცირე წყარო უნივერსიტეტის დაფინანსების, გრანტის გაუფასურება მოხდა.
ეს უნდა გაიზარდოს და ფარავდეს იმ ხარჯებს, რაც უნივერისტეტს სტუდენტის სწავლება უჯდება. მეტიც, რადგან უნივერსიტეტი ეწევა ორ საქმეს ცოდნის შექმნას და გავრცელებას, აუცილებელია ამ შექმნისთვისაც იყოს დაფინანსება. ამისთვის არსებობს რუსთაველის ფონდი და წესით იქაც უნდა შეიცვალოს დაფინანსება. ამ გრანტებით უნდა შეძლოს უნივერსიტეტებმა ხარჯების დაფარვა როგორც ინფრასტრუქტურულ, ისე ადმინისტრაციულ ნაწილში,“ - მიიჩნევს კოკა თოფურია.




























