მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უნივერსიტეტებში და სკოლებში ანტიკორუფციული სწავლების მიმართულება უნდა დავგეგმოთ - გიორგი ამილახვარი

განათლების მინისტრი
18.11.23 10:00
207

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა ანტიკორუფციული ბიუროს მიერ ორგანიზებულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. შეხვედრაზე აკადემიური წრის წარმომადგენლებმა საგანმანათლებლო პროგრამებში ანტიკორუფციული საკითხების ინტეგრირების მნიშვნელობაზე იმსჯელეს.

სამინისტროს ინფორმაციით, გიორგი ამილახვარმა შეხვედრაზე საქართველოში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერების კუთხით განათლების სისტემაში ანტიკორუფციული საკითხების ინტეგრირების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება.

მინისტრმა აღნიშნა, რომ სამინისტრო აქტიურად მუშაობს რათა მოსწავლეებს ჩამოუყალიბდეთ ჯანსაღი შეხედულებები ისეთ მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით, როგორებიცაა: კორუფციასთან ბრძოლის ეფექტური განხორციელება, საერთაშორისო სამართლებრივი ინსტრუმენტები, საერთაშორისო ვალდებულებები, პლატფორმები, საერთაშორისო კონვენციები და სხვა.

„დღეს, როდესაც ჩვენი ქვეყანა ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე დგას, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება არის კორუფციასთან ბრძოლის გაძლიერება და ამ მიზნით ისეთი დამოუკიდებელი ძლიერი ორგანოს ჩამოყალიბება, როგორიც არის ახალშექმნილი ანტიკორუფციული ბიურო.

ანტიკორუფციული საქმიანობის ინსტიტუციური გაძლიერების კუთხით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ახალგაზრდებსა და სტუდენტებს თავიდანვე ავუხსნათ, თუ რა მნიშვნელობა აქვს კორუფციასთან ბრძოლას და რა მექანიზმები და სამართლებრივი საფუძვლები არსებობს ამ მიმართულებით.

დღევანდელი კონფერენციის მთავარი განსახილველი თემაც სწორედ ეს გახლავთ - საგანმანათლებლო პროგრამებში, უნივერსიტეტებში და, მათ შორის, სკოლებში აქტიურად დავგეგმოთ ანტიკორუფციული სწავლების მიმართულება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ახალგაზრდებში კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით მთავარი საფუძვლების, საწყისებისა და სამართლებრივი აქტების შესახებ ცნობიერების ამაღლება. ანტიკორუფციული საკითხების განათლებაში ინტეგრირების შედეგად, გვეყოლება უფრო მომზადებული
ახალგაზრდა თაობა, რაც უსაფრთხო, დემოკრატიული და კორუფციისგან დაცლილი ქვეყნის შენების მყარ საფუძველს ქმნის, " - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები