უნივერსიტეტში მისაღები სტუდენტების რაოდენობა არსებითად იგივე დარჩება, სპეციალობიბის მიხედვით კვოტები კი შრომის ბაზრის ანალიზის საფუძველზე გადანაწილდება - ამის შესახებ ჟურნალისტებს "ოცნების" პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განუცხადა.
უმაღლესი განათლების რეფორმაზე კითხვის საპასუხოდ, კობახიძემ თქვა, რომ შესაბამისი შრომის ბაზრის ანალიზი მალე მომზადდება და მომავალი წლიდან მასზე დაყრდნობით იხელმძღვანელებენ.
"[უნივერსიტეტებში მისაღები სტუდენტების] რაოდენობა არსებითად იგივე დარჩება. კვოტების გადანაწილებას რაც შეეხება, მათ შორის ფაკულტეტებზე, ეს შრომის ბაზრის ანალიზს დაეფუძნება, რაზეც ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ. გასული წლების განმავლობაში უნივერსიტეტებში სტუდენტების მიღება არასდროს ეფუძნებოდა შრომის ბაზრის სიღრმისეულ ანალიზს. არავინ აფასებდა იმას, თუ რამდენი იურისტი გვჭირდება, რამდენი ეკონომისტი, მშენებელი, ინჟინერი, ექიმი და სხვა პროფესიის წარმომადგენლები. ახლა ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ შრომის ბაზრის ანალიზზე. უახლოეს მომავალში გვექნება პირველადი დოკუმენტი და როდესაც გამოცხადდება მიღება მომავალი წლის გაზაფხულზე, ეს მიღება დაეფუძნება შრომის ბაზრის ანალიზს. კვოტები გადანაწილდება სპეციალობების მიხედვით სწორედ შრომის ბაზრის ანალიზის საფუძველზე. რაც შეეხება მისაღები სტუდენტების საერთო რაოდენობას, ეს რაოდენობა არსებითად იგივე დარჩება",- ამბობს ირაკლი კობახიძე.
მისივე თქმით, ვინც ჩაირიცხება უკვე მომავალი წლიდან სახელმწიფო უნივერსიტეტებში, არ მოუწევს საფასურის გადახდა.
„ჩვენი ხელისუფლების პირობებში სკოლამდელი განათლება გახდა უფასო, ასევე, ზოგადი განათლება, როგორც მოგეხსენებათ, არის სრულიად უფასო და ამას ემატება უკვე განათლების მესამე საფეხური - უმაღლესი განათლება, რომელიც ასევე ხდება სრულიად უფასო. მომდევნო წლიდან და იმის შემდეგ წლებში სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული ყველა სტუდენტისთვის სწავლა იქნება უფასო. ეს ნიშნავს იმას, რომ ეტაპობრივად გადავდივართ სრულად უფასო უმაღლეს განათლებაზე. ეს სისტემა წლების მიხედვით საბოლოოდ ამოქმედდება ზუსტად 5 წელიწადში. ვინც ჩაირიცხება უკვე მომავალი წლიდან სახელმწიფო უნივერსიტეტებში, არავის არ მოუწევს საფასურის გადახდა და სახელმწიფო თავის თავზე აიღებს მთლიანად შესაბამისი სტუდენტების დაფინანსებას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, მათ შორის, სოციალური თვალსაზრისითაც, ბუნებრივია. ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მხარდაჭერა და მათი ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება. ამ კუთხით ეს შეღავათი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მომავალი სტუდენტებისთვის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.




























